;
11 მარტი 2013      Johnny depp     25 კომენტარი     ნანახია 9066-ჯერ    
კატეგორიაში: საინტერესოა

ის მზის სხივი იყო ლიტერატურაში და ჩვენს გულებში არასოდეს ჩაქრება

უკვე 26 წელია ამ ქვეყნად აღარაა ნოდარ დუმბაძე, მაგრამ… იგი კვლავიდებურად გვათბობს თავისი მზით სავსე პროზით, საბავშვო ლექსებით… მზე იყო მისი შემოქმედების უმთავრესი მეტაფორა, სიმბოლო და პერსონაჟიც კი …ნოდარ დუმბაძემ პირველი ლიტერატურული წარმატება საბავშვო პოეზიაში მოიპოვა. მას შემდეგ იგი განუყოფელი ნაწილია მწერლობისა, რომლის გარეშე შეუძლებელია ჩვენი ეროვნული ცხოვრების წარმოდგენა. სიცილი ნოდარ დუმბაძის თვითდამკვიდრების ისეთივე ბუნებრივი ფორმაა, როგორც მხედართმთავრისათვის ომი, ან ჩიტისათვის ფრენა. ნანახის, განცდილისა და გადატანილის გამო, ნოდარ დუმბაძემ გულიანად აცინა და კიდეც ატირა მკითხველი. “ხაზარულა” მხოლოდ კარგი სულის პატრონს შეეძლო დაეწერა. მწერლის შემოქმედებას, მკითხველის გარდა, მაყურებელიც ბევრი ჰყავს. ერთხელ გურამ ასათიანთან უთქვამს: “მე თავისუფლება მინდოდა და სიცილი იმისთვის ავირჩიეო”. ნოდარ დუმბაძის სიცილის მთავარი დანიშნულება სიკეთისათვის კარის გაღებაა .ნოდარ დუმბაძე მზიანი გულით დაიბადა და ვერავითარმა სიდუხჭირემ თუ განსაცდელმა, არამცთუ ვერ ჩააქრო, ვერც კი გაუნელა მას სითბო და სიყვარული ვერც, როგორც პიროვნებას და ვერც, როგორც შემოქმედს. თხრობის ლირიზმმა და განუმეორებელმა იუმორმა განაპირობა მწერლის პოპულარობა, როგორც ჩვენში, ისე საზღვარგარეთ.ნოდარ დუმბაძის თხზულებები თარგმნილია მსოფლიოს ხალხთა მრავალ ენაზე.

ნოდარ დუმბაძე

ნაწარმოებების ნათელმა ოპტიმიზმა, თანამედროვე ცხოვრების უმნიშვნელოვანესი მოვლენების ღრმა წვდომამ, თხრობის ლირიზმმა და განუმეორებელმა იუმორმა განაპირობა მწერლის პოპულარობა - როგორც ჩვენში, ისე საზღვარგარეთ. დუმბაძის თხზულებები თარგმნილია რუსულ, უკრაინულ, მოლდავურ, სომხურ, აზერბაიჯანულ, ინგლისურ, ფრანგულ, გერმანულ, ესპანურ, პოლონურ, იაპონურ, თურქულ, არაბულ და სხვა ენებზე. დუმბაძის ოთხივე რომანი გადაკეთდა პიესებად. დაიდგა ქართულ, სხვა რესპუბლიკებისა და უცხო ქვეყნების სცენებზე. გადაღებულია კინო-ფილმები: ,,მე, ბებია, ილიკო და ილარიონი"; ,,მე ვხედავ მზეს " (1965წ. რეჟ. ლ. ღოღობერიძე); , ,გზა მშვიდობისა, ჯაყო!"; ,,ნუ გეშინია, დედა!" დუმბაძეს ეკუთვნის ლექსებისა და მოთხრობების რამდენიმე კრებული. დაჯილდოებული იყო საპატიო ნიშნის ორდენებითა და მედლებით. გარდაიცვალა 1984 წელს. დაკრძალულია ქ. თბილისში, საბავშვო ქალაქ ,,მზიურში".

--------------

★მამა ვლადიმერ დუმბაძე მაიაკოვსკის რაიკომის მდივანი იყო, დედა – ანა ბახტაძე – დიასახლისი. 8 წლის იყო ნოდარი მამა რომ დაუპატიმრეს და დაუხვრიტეს, დედა – გადაუსახლეს…★

★სიცილი ნოდარ დუმბაძისთვის თვითდამკვიდრების ისეთივე ბუნებრივი ფორმაა, როგორც მხედართმთავრისთვის ომი ან ჩიტისათვის – ფრენა“ – წერდა გურამ ასათიანი.★

★მისი ბიოგრაფიას ზებრასავით დასდევს შავ-თეთრი ზოლები. შემოქმედებით ტრიუმფებს, აღიარებას, ხალხის უკიდეგანო სიყვარულს, წინ უძღვოდა ოჯახური ტრაგედიები – მამის დახვრეტა, დედის გადასახლება, შემდეგაც მუდამ თან სდევდა ტრაგედიები – „ილიკო და ილარიონმა“ უზარმაზარი აღიარება მოუტანა და… 5 წლის ბიჭუნა დაეღუპა… მერე იყო სამგზის ინფარქტი და ინფარქტებს შორის – სიძის, მწერალ ჯემალ თოფურიძის დაღუპვა თუ მანამ მეუღლის დგომა სიკვდილის პირისპირ…★

★„არსად ნოდარს მამამისი არ ჰყავს ნახსენები… მისთვის ეს ძალზე მტკივნეული თემა იყო. დარწმუნებული იყო რომ მამამისი უდანაშაულო იყო. მამამისი ძველი ბოლშევიკი იყო, ბავშვი შევიდა პარტიაში, 37-ში დაიჭირეს და დახვრიტეს, დახვრიტა ვინ? მისმა მეგობარმა ბერიამ. ბერია და ნოდარის მამა ერთად სწავლობდნენ ბაქოში, ნოდარის ბაბუას სასადილო ჰქონდა ბაქოში, ბერია იყო ძალიან ღარიბი და სულ მშიერი, ყოველდღე მიდიოდა და ნოდარის ბაბუა აჭმევდა თავის სასადილოში უფასოდ…“ნანული დუმბაძე, ნოდარ დუმბაძის მეუღლე:★


ნოდარ დუმბაძე

★8 წლის ნოდარი საცხოვრებლად დეიდებმა წაიყვანეს აფხაზეთში, 3 წელი იქ გაატარა, ბიძები რომ დაიჭირეს და დახვრიტეს ბებიასთან და ბაბუასთან გააგზავნეს ჩოხატაურის რაიონის სოფელ ზენობანში. 1945 წელს ხიდისთავის საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ, თბილისში დაბრუნდა და სწავლა უნივერსიტეტში, ეკონომიკურ ფაკულტეტზე განაგრძო.★

★1950 წელს ნოდარ დუმბაძემ ეკონომიკური ფაკულტეტი დაამთავრა და მუშაობა უნივერსიტეტის ლაბორატორიაში დაიწყო ასისტენტად. პარალელურად წერდა.★

★31 წლის დუმბაძემ ყველა გააგონა და აღაფრთოვანა – მკითხველს ხელში საუკუნის რომანი შერჩა, აღტაცებულმა გიგა ლორთქიფანიძემ მარჯანიშვილის თეატრში დადგა, სესილია თაყაიშვილმა მარადიული ბებიის სახე გამოაქანდაკა – ჯერ სცენაზე და მალე ეკრანზეც.★

★დაიწყო დუმბაძის თავბრუდამხვევი წარმატებების ხანა…★


ნოდარ დუმბაძე

★თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ თანამშრომლობდა ჟურნალ “ცისკარში”, იყო სატირული ჟურნალ “ნიანგის” რედაქტორი, მწერალთა კავშირის მდივანი, შემდეგ თავმჯდომარე. ბევრ ჭირთამთმენს ბედის სამდურავი სიტყვა არ წამოსცდენია. მისთვის ყველა და ყველაფერი სიკეთის ძალით იზომებოდა.★

★თვითმფრინავის გატაცების ცნობილი მოვლენების დროს ნოდარ დუმბაძე ერთ-ერთი იყო ქართველ ინტელექტუალთა შორის, რომელიც საბჭოთა ხელისუფლებას დამნაშავეთა შეწყალებას სთხოვდა.★

★გურამ ასათიანი მის შესახებ ამბობდა: „ნოდარ დუმბაძე ადამიანთა იმ იშვიათ მოდგმას ეკუთვნის, რომელთა სულშიც პირადი ტკივილი სხვებისათვის შვების მოტანის ცხოველმყოფელ წყურვილს აღვიძებს“★

★1984 წლის 14 სექტემბერს სიმღერით და სიცილით გამოესალმა წუთისოფელს. მზიანი გულის კაცი მზემ მიაცილა “მზიურამდე”, ცრემლითა და გულისტკივილით გააცილა საზოგადოებამ მზიურამდე.★

ნოდარ დუმბაძეს ჰყავს მეუღლე, სამი შვილი,
სამი შვილიშვილი და ოთხი შვილთაშვილი
მეუღლე – ნანული გუგუნავა-დუმბაძე
ქალიშვილი მანანა დუმბაძე
ვაჟი - ზაზა დუმბაძე (გარდაცვლილი)
ქალიშვილი - ქეთევან დუმბაძე
შვილიშვილები – ნოდარ თოფურიძე,
ლევან მაჭარაშვილი, ნოდარ მაჭარაშვილი.
შვილთაშვილები – ჯემალ-ლუკა თოფურიძე,
ანდრია თოფურიძე, ლიზა მაჭარაშვილი, ქეთევან მაჭარაშვილი.



ნოდარ დუმბაძე

სიყვარულის გარეშე ცხოვრება არ შეეძლო...ნოდარი და ნანული

„კლუბში შევდიოდი, ფანჯარასთან ორი ბიჭი იდგა, ჩავიარე და მომესმა როგორ გადაულაპარაკა ერთმა მეორეს„ნახე რა კარგი გოგოა"ნოდარმა უთხრა მეორეს… სახეც კი არ დამამახსოვრდა… – ისტორიის ფაკულტეტის სტუდენტში და კომპლიმენტს მას „უბრუნებდა“ კაი ხანს:რომ ჩაივლიდა ის ბიჭი, ვამბობდი ხოლმე, ამ ბიჭს რა კარგი ლექსები აქვს-მეთქი, ის ბიჭი გაკვირვებული მიყურებდა ხოლმე …“ოფიციალურად ყველაფერი უნივერსიტეტის კაბინეტთან მოხდა. ბოლოს გავიცანი ასე ოფიაციალურდ, „ნოდარ დუმბაძე“, ჩამომართვა ხელი… მერე ჩემი ამხანაგები, მისი ამხანაგები ძალიან დავმეგობრდით, ერთად დავდიოდით თეატრში, კინოში საოცარი ის იყო რომ ნოდარს მოეწონა ჩემი ამხანაგი, ჩემი კლასელი, და არა მე. მე ხელს ვუწყობდი ყველანაირად…-იხსენებს მისი მეუღლე.მერე უნივერსიტეტში, სტუდენტობაში ხმა გავრადა, ვიღაც გოგოს ნოდარი მოსწონს, ნოდარსაც მოსწონს, მაგრამ ნანული უშლის ხელსო… ნოდარი ჩემთან სახლში იყო მოსული და ვკითხე, ნოდარ, მე რატომ მაბრალებენ რომ შენც მოგწონს ის გოგო და მე გიშლით ხელს-მეთქი. მომიბრუნდა ნოდარი და პირდაპირ მეკითხება „ნანული შენ მე არ გიყვარვარ?“… იმის მაგიერ რომ ეთქვა, მიყვარხარო, მე მეკითხება აქეთ… მე ვუთხარი, ჯერ შენ მითხარი და მე მერე გეტყვი მეთქი… შენ თუ ამდენი ხანი ვერ გრძნობ იმას, რომ მე შენ ძალიან მიყვარხარ, მაშინ შენი საშველი არ ყოფილაო. ეს იყო და ეს….

ნოდარ დუმბაძე

შემდეგ იყო ბედნიერი ცხოვრება, ქორწილი..და პატარა ნოდარ დუმბაძეს და ნანული გუგუნავას მალე მანანა შეეძინათ.სწორედ პატარა მანანა იყო ახალგაზრდა პოეტი მამის მუზა საბასვშვო პოემა „მანანას წერილის“ დაწერისას. „მანანას წერილმა“ მოუტანა პირველი აღიარება ნოდარ დუმბაძეს – განათლების სამინისტროს გამოცხადებულ კონკურსში გაიმარჯვა .„ბედნიერი ვარ იმით, რომ ვარ პირველი შვილი და მამაჩემს ვიცნობ მას შემდეგ რაც ის იყო 23 წლის, მას მერე ერთად მოვდიოდით, ერთად გავიზარდეთ… წარმოიდგინეთ 23 წლის ნოდარ დუმბაძე, ენერგიული, მაკვარანცხი, მთელი ამ თავისი იუმორით, სიკეთით, ხუჭუჭი დაყრილი თმით, პრუჟინებივით თმა ჰქონდა, აბურდულ-დაბურდული… პატარა რომ ვიყავი, ხელისგულზე მისვამდა და მწევდა ჭერში…იხსენებს მანანარატომღაც არავის სჯერა, რომ ვამბობ, რომ ზუსტად მახსოვს, როგორ მიმიყვანეს მამასთან ციხეში, როცა 2 წლის ვიყავი. არ მიჯერებენ, მაგრამ ვყვები ზუსტად ისე, როგორც იყო, დედაჩემი მეუბნება, მასე ზუსტად იმიტომ ყვები, რომ ბევრჯერ გაქვს მოსმენილი ეგ ამბავიო, მოსმენილი რა შუაშია როცა, ახლაც თვალიწნ მიდგას თავგადაპარსული მამაჩემი, რომელიც იქ მანახეს… ის კარიც მახსოვს, ის მეჩხერი რკინის ბადეც და ისიც, მამა რომ გამოიყვანეს და ავკივლდი, მამამ მანდ ვერ გამეოეტევა-მეთქი…

ნოდარ დუმბაძე
^ამონარიდი მანანა დუმბაძის ინტერვიუდან

-სად დაიწერა „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“?

ჭავჭავაძეზე, იმ სახლში სადაც ადრე დიდი ბინა ჰქონდათ და მერე, როგორც რეპრესირებულის ოჯახს, ერთი ოთახი დაუტოვეს. სწორედ იმ ერთოთახიან ბინაში ცხოვრობდა ნოდარი, მისი მეუღლე, დედამისი ანიკო, პატარა მანანა და პატარა ზაზა.


-მანანა: „ამ ერთოთახიან ბინაში მამაჩემი წერდა ღამე „ილიკო და ილარიონს“.მერე მეუბნებოდა, მშიერ კუჭეზე მაქვს „ილიკო და ილარიონი“ დაწერილი და ყველას აჯობაო“.

ილიკო და ილარიონის“ წარმატებას ტრაგედია მოჰყვა… პატარა ზაზა დაეღუპათ.

მანანა: „ილიკო და ილარიონის” პრემიერას მარჯანიშვილის თეატრში ორივე, მამაჩემიც და დედაჩემიც შავებში ჩაცმული დაესწრნენ – ნახევარი წლის გარდაცვლილი ჰყავდათ ხუთი წლის ზაზა…“

„წითელა ჰქონდა ბავშვს და მუცლის ტიპი დაუდგინეს… დაგვიღუპეს ბავშვი… 50 წელი გავიდა მას მერე და არაფერი არ შველის ამ ტკივილს. ხშირად ნოდარი წამოწვებოდა დივანზე, მე სავარძელში ვიჯექი და სადღაც გადიოდა ნოდარი… აღარ იყო აქ… ისევე როგორც მე არ ვიყავი აქ, ორივე ერთი და იგივე რამეზე ვფიქრობდით, ორივეს ცრემლი გვდიოდა, მე ვიცოდი რომ ის ამ წუთში ზაზაზე ფიქრობდა, იმან იცოდა რომ მე ამ წუთში ზაზა მედგა თვალწინ. საშინელი ტრაგედია იყო…“ -ნანული დუმბაძე

ნოდარ დუმბაძე
[ზაზა]

ამ უზარმაზარი ტრაგედიის შემდეგ მწერალი წერს „მე ვხედავ მზეს“, „მზიან ღამეს“ და დგება სიკვდილის პირისპირ…პირველი ინფარქტის შემდეგ იწერება „ნუ გეშინია, დედა“, „თეთრი ბაირაღები“.სწორედ იმ წლებში რედაქტორობდა „ნიანგს“.

41 წლის იყო პირველმა ინფარქტმა რომ დაჰკრა, არავინ ფიქრობდა მაშინ მის გადარჩენას. ჯანსუღ ჩარკვიანი მაშინ უცხოეთში იყო მივლინებული, მაგრამ ამ ამბის გამო თბილისში დარჩა, საავადმყოფოდან არ გასულა. როცა მამაჩემმა მესამე დღეს ძლივს თვალი გაახილა, თავზე წამომდგარი ჯანსუღი დაინახა: მე შენ წასული მეგონეო, – წაილუღლუღა. ჯანსუღმა ერთხანს ხმა არ გასცა, მერე გახალისდა, ხუმრობის გუნებაზე დადგა და მკვახედ მიუგო – მეც კი მეგონე წასული, მაგრამ აქ ხარ და ფეხის მოცვლასაც არ აპირებო. -მანანა დუმბაძე

„წარმატებას, ხალხის სიყვარულს, აღიარებას, პრემიებს აბსოლუტურად არ შეუცვლია ნოდარი. როგორი ნოდარიც გავიცანი, ისეთი ნოდარი გარდაიცვალა. ბუნებით იყო ასეთი, თორემ არ ვიცი მეტი რაღა უნდა მიეღო, ნობელის პრემიას თუ მიიღებდა. ნოდარი ხალხს ძალიან უყვარდა და დღესაც უყვართ. ნოდარი გარდაცვლილი არაა, დღემდე ნოდარი ცოცხალია, მწერალი რომელიც აღარ იბეჭდება და აღარ იკითხება, ისაა მკვდარი. ნოდარს დღესაც სიამოვნებით კითხულობს ყველა, კვლავ იდგემბა, იბეჭდება, რადიოს ჩართავ, ტელევიზორტს ჩართავ, არ არსებობს რომ არ წავიდეს ნოდარის რაღაც ნათქვამი, ნოდარის წიგნიდან ამოღებული, ბავშვები იწყებენ კითხვას ნოდარის მოთხრობებით… ნოდარი არ მომკვდარა…ნანული დუმბაძე.“


ირველი ინფარქტის შემდეგ 8 წელი აღარც ეწეოდა და აღარც სვამდა. . მერე დედაჩემს შეეყარა რაღაც უცნაური სენი: თავის ქალის ახდა და ტვინის ოპერაცია დასჭირდა. იმ დღიდან დაიწყო მამაჩემმა გამხელილად სიგარეტის წევაც და სმაც.

ნოდარ დუმბაძე

1978 წელს, ამერიკაში იყო ნოდარ დუმბაძე საბჭოთა და ამერიკელი მწერლების კონგრესზე, ჯემალ თოფურიძე რომ დაიღუპა…მწერლისთვის მორიგი ტრაგედია იყო სიძის – ჯემალ თოფურიძის გარდაცვალება. თუმცა, თავიდან მანანას დაოჯახება განიცადა მტკივნეულად. მხოლოდ ერთხელ მახსოვს, სულ ახალგაზრდა სიძეც რომ დაეღუპა, თავისთავს ხმამაღლა ჰკითხა, ნეტა რით ვერ გამოსცადა განგებამ ჩემი ჭირთათმენა, რომ განსაცდელს განსაცდელზე მატეხს თავსო – გაიხსენებს გურამ გვერდწითელი.

ნოდარ დუმბაძე

ადამიანის სული, გაცილებით უფრო მძიმეა, ვიდრე სხეული, იმდენად მძიმე, რომ ერთ ადამიანს მისი ტარება არ შეუძლია, ამიტომ, ვიდრე ცოცხლები ვართ, ერთმანეთს ხელი უნდა შევაშველოთ და ვეცადოთ, როგორმე უკვდავყოთ ერთმანეთის სული; თქვენ ჩემი, მე სხვისი, სხვამ სხვისი და ასე დაუსაბამოდ, რამეთუ იმ სხვისი გარდაცვალების შემდეგ არ დავობლდეთ და მარტონი არ დავრჩეთ ამ ქვეყანაზე.

ადამიანის სული, გაცილებით უფრო მძიმეა, ვიდრე სხეული, იმდენად მძიმე, რომ ერთ ადამიანს მისი ტარება არ შეუძლია, ამიტომ, ვიდრე ცოცხლები ვართ, ერთმანეთს ხელი უნდა შევაშველოთ და ვეცადოთ, როგორმე უკვდავყოთ ერთმანეთის სული; თქვენ ჩემი, მე სხვისი...

მე მზე მიყვარს ძალიან, მაგრამ მზე მიწაში ვერ აღწევს. ამიტომ, ბუნებრივია, სიკვდილის შემდეგ მიწას კი არა, ცას მივაშურო- ცაში წავიდე.

მე მგონი, მზე ზეცის ვეება ტრამალზე ანთებული კოცონია, ხოლო მის გარშემო მბრუნავი პლანეტები- ცდომილები შვიდი ცდომილი, ალბათ, თავისი თანამგზავრებით ცის ის ბინადარნი- რომლებიც ხელს და სულს ითბობენ ამ მაცოცხლებელი ცეცხლის გარშემო. დროდადრო შორდებიან, მერე კვლავ უახლოვდებიან და ასე შემდეგ... ვაი იმ ცდომილს, რომელიც ამ კოცონს საერთოდ გაშორდება.

საოცარია ხელოვნება- მხოლოდ მას შეუძლია მოითმინოს და შეიფაროს სულით ავადმყოფთა მრავალმილიონიანი არმია, კაცობრიობის თითქმის მესამედი. განა სხვა რომელიმე პროფესიას აქვს ამის უნარი, არა, იგი ნორმიდან ერთი სანტიმეტრით, ერთი გრადუსით გადახრილ ადამიანსაც კი ვერ ითმენს. ხელოვნება და პოლიტიკა კი მთელი 180 გრადუსით გადახრილ ადამიანებს ხშირად გენიოსის შარავანდედით ამკობს და თაყვანს სცემს. აი, რა არის ხელოვნება- გარდა ჭეშმარიტი ტალანტებისა, სულით ავადმყოფთა თავშესაფარიც არის. რატომ? მხოლოდ იმიტომ, რომ ადამიანის სულიერი ცხოვრების სამყაროს მიეკუთვნება და არა მატერიალურს.

ნოდარ დუმბაძე

დიდი ხნის წინ მოვიკლავდი ბატონო თავს, მაგრამ არ მინდა მკვლელი გავხდე, თანაც ისეთი უდანაშაულო ადამიანისა, როგორიც მე ვარ. ძნელია ჩემნაირი კაცის სისხლი და ცოდვა ედოს კაცს კისერზე. ხანდახან იმასაც ვფიქრობ, ასეთ ნაძირალაზე როგორ გავისვარო ხელი-მეთქი.

ღმერთმა მოქანდაკეს ტალახიდან ადამიანის კეთება კი ასწავლა, მაგრამ სულის შთაბერვა არ ასწავლა. ეგეც რომ ესწავლებინა, ადამიანი ღმერთს აღარ იწამებდა.

ხანდახან უცნაური გრძნობა შემიპყრობს- მინდა ისეთი ერის პატარა შვილი ვიყო, დამოუკიდებლობის პრეტენზია არ მქონდეს, ხოლო სხვას- ჩემი ქვეყნის დაპყრობის სურვილი. ო, რა ბედნიერი იქნებოდა ასეთი ყოფნა!

დაბადება- თავისთავად არის უსაზღვრო ლტოლვა თავისუფლებისაკენ და სინათლისაკენ და რა ძნელია და მტკივნეული ეს პროცესი, მხოლოდ მშობიარე ქალმა იცის. ჩვენ ხშირად ვხვდებით ამ პროცესის მოწმენი, მაგრამ ამაზე არასოდეს გვიფიქრია.

ნოდარ დუმბაძე

ჩემში ევს იწვევს- ღირს თუ არა იმის გამო ტირილი, რაც სულერთია ახლა აღარ იქნებოდა. ეს მახსოვრობის ყველაზე დიდი მანკიერი მხარეა. ნეტა ვინ მოიგონა? - რომ არ მომკვდარიყო, ახლა გენერალი იქნებოდაო.- ან- რომ არ მოეკლათ, ლეიტენანტი კი არა, ახლა გენერალი იქნებოდაო. კაციშვილმა არ იცის, რომ არ მოეკლათ, იქნებ ის ლეიტენანტობაც ჩამოერთმიათ. ვინ იცის?

ჰო, ადამიანი მაღაროში, მიწის ქვეშ ისე ცხოვრობს, როგორც თავისი დედის საშოში. როცა შეეჩვევა, იქ ძალიან თბილა და მყუდროებაა.

- რატომ დაინგრა ბაბილონის გოდოლი? - იმიტომ რომ, მისი მშენებლები ყველა გამვლელ-გამომვლელის რჩევა-დარიგებას უგდებდნენ ყურს.

- აუ რამდენი დრო მაქვს გაფლანგული, ბუღალტერი, რომ ვიყო და რევიზია, რომ დამეცეს, ალბათ, დახვრეტას მომისჯიდნენ. - გამორთეთ სიბნელე!!!

"პრავადნიკმა" ქალმა ბუასილის წამალი მასწავლა: - რა ვქნა, სხვა არაფერი არ ვიციო.

ომის შეწყვეტა და მშვიდობის დამყარება მხოლოდ იმას ძალუძს, ვისაც ომის დაწყება ძალუძს.

არაფერი არასდროს ისე სამარცხვინოდ და თავისმომჭრელად არ ითვლებოდა სქართველოში, როგორც უპატიოსნება და ქურდობა. მარტო ის რად ღირს, რომ ქურდს მეგრულად მახინჯი ჰქვია და ეს მახინჯი საქართველოში ერთიც, რომ იყოს, მაინც უნდა გადაშენდეს, რამეთუ ქართული ანდაზა ღაღადებს: "ას მშენებელს ერთი მნგრეველი აუთავდებაო".

ერი და ერისკაცი ერთმანეთს ჰგვანანი, ისინი ერთმანეთს ავსებენ და აცოცხლებენ.

ნოდარ დუმბაძე

უკან ჩამორჩენილი მწერალი წინ მიმავალ ხალხს ვერაფერ სულიერ საზრდოს ვერ მიაწვდის. არაფერს ზებუნებრივსა და არარსებულს მწერლობა არ ქმნის. მწერლობა ხალხის წიაღში ეძებს განძს დღენიადაგ, პოულობს მას და შემდეგ ხალხსავე უბრუნებს მხატვრულ ფორმაში მისსავე სიბრძნეს და სიკეთეს. ხალხის სულიერი აღზრდა, სულის სისპეტაკე და სიწმინდე ბევრად არის დამოუკიდებელი მწერლობაზე. ჩვენ, მწერლებს, არანაკლები ზრუნვა მოგვიწევს საკუთარი სულის სიწმინდისა და სისპეტაკის სრულყოფისათვის. ამ ბოლო დროს ერთობ მომრავლდა, ეგერთ წოდებული, დოკუმენტური პროზა და სიმართლეს ამოფარებული ლიტერატურული წუნი. მკითხველმა უნდა იცოდეს, რომ ყველა სიმართლე და მართალი ამბავი ლიტერატურა როდია. სიმართლემ და ამბავმა, ვიდრე იგი ლიტერატურად იქცეოდეს, ისეთივე დიდი და მძიმე გზა უნდა გაიაროს, როგორიც იყო გზა გოლგოთისაკენ... მწერლობა სიმინდის ყანა არაა, შიგ რომ შეხვიდე, გლახა მოვჭრათ და მხოლოდ კარგი დავტოვოთ. იმ მიწაზე, რომელზეც ცუდი ბალახი არ ამოდის, კარგიც არ იხარებს. მწერლობა უფრო მსხმოიარე ხესა ჰგავს, რომელზედაც მებაღე მკვაზე ნაყოფს დამწიფებას არ აცლის, მწიფეს ჰკრეფს, დამპალი კი ცვივა და ნეშომპალად იქცევა.

კაცობრიობას ჰგონია, რომ მან რაღაცა უკვე ააშენა- სინამდვილეში ჯერ არაფერიც არ აუშენებია- იგი მხოლოდ აშენებს საძირკველს რაღაც გრანდიოზულისათვის, თვითონაც, რომ წარმოდგენა არა აქვს.

ყველაზე მეტი ენა მსოფლიოში ღმერთმა იცის. ყველას თავის ენაზე ელაპარაკება. ყველა გლახა იესო ქრისტე არ არის.

ღმერთმა მოქანდაკეს ტალახიდან ადამიანის კეთება კი ასწავლა, მაგრამ სულის შთაბერვა არ ასწავლა. ეგეც რომ ესწავლებინა, ადამიანი ღმერთს აღარ იწამებდა.

ხანდახან უცნაური გრძნობა შემიპყრობს- მინდა ისეთი ერის პატარა შვილი ვიყო, დამოუკიდებლობის პრეტენზია არ მქონდეს, ხოლო სხვას- ჩემი ქვეყნის დაპყრობის სურვილი. ო, რა ბედნიერი იქნებოდა ასეთი ყოფნა!

დაბადება- თავისთავად არის უსაზღვრო ლტოლვა თავისუფლებისაკენ და სინათლისაკენ და რა ძნელია და მტკივნეული ეს პროცესი, მხოლოდ მშობიარე ქალმა იცის. ჩვენ ხშირად ვხვდებით ამ პროცესის მოწმენი, მაგრამ ამაზე არასოდეს გვიფიქრია.

ყველაზე მარტივი, ყველაზე უბრალო, ყველაზე პრიმიტიული ქალიც კი მამაკაცის გონების სფეროს მიგმა დგას.

ნოდარ დუმბაძე

"ქართველები რბილი ხალხია, ჭკვიანი, ალერსიანი, სიმღერა უყვართ. დედის გინებისათვის შეიძება კაცი მოჰკლან. ამხანაგი უყვართ. ამხანაგის გულისათვის სახლს გაყიდიან, ოღონდ შენც სამაგიერო სიყვარულს გთხოვენ. ეს ჯაყელიც ასეთია. მომკლა, ყოველ დღე მზის ამოსვლას და ჩასვლას მაყურებინებს - მზე უყვარს... როცა დედას იფიცებს, მაშინ არ სტყუის. ქართველები თუ დედას იფიცებენ, ხატზე დაფიცებას უდრის. კიდევ მეტს. თავისი ქვეყანა სიგიჟემდე უყვართ, საქართველოს სადღეგრძელოს რომ ამბობენ, ხანდახან ტირიან კიდევაც. სამოთხესავით ქვეყანაა, საქართველო, სამოთხესავით..."

- ზღვა ჩემი სახლია, ზღვა სუფთაა, უმტვერო, უნაგავო. ზღვა ადამიანის ტვინს და სულს რეცხავს და ნაგავი ნაპირზე გააქვს. შეხედე ზღვა რა სუფთაა!


დანამდვილებით არავინ იცის. სული მე მაინც ზღაპრული ჯინივით ბოთლში გამომწყვდეული ადამიანის ფიქრი და ოცნება მგონია, რომელიც თავის გაჩენის დღიდან თავისუფლებას ელოდება, თავისუფლებისაკენ მარადიული ლტოლვა და სწრაფვა ახასიათებს. მერე ჩვენ ზოგჯერ ნებით, ზოგჯერ უნებლიეთ ვანთავისუფლებთ მას ამ ბოთლიდან, უფრო ხშირად იგი თვითონ ინთავალისუფლებს თავს და უკვე თავისუფალი სასწაულებს სჩადის მეცნიერებაში, ხელოვნებაში და ლიტერატურაში... ყველა გენიოსი მე ბოთლიდან განთავისუფლებული ჯინი მგონია. მართალია, ზოგი დიდია, ზოგი უფრო პატარა, ზოგი უფრო სუსტი, ზოგი უფრო ძლიერი, მაგრამ ამას არ აქვს მნიშვნელობა, რადგან ბოთლიდან განთავისუფლების ბედნიერებას ყველა ერთნაირად განიცდის.

"ჩვენ მთელი მსოფლიოს ადამიანები. ფაქტიურად ერთ ენაზე ვლაპარაკობთ, მაგრამ ერთმანეთის ყურისგდება არ ვიცით და ამიტომ არ გვესმის ერთმანეთის".

ცა რომ სარკე იყოს, მაშინ ყველანი დავინახავდით ერთმანეთს, ვნახავდით, რომ არა ვართ ისე ცუდები, ჩვენ რომ გვგონია, არაფერი არ გვაქვს საჩხუბარი და ომები აღარ იქნებოდა... ცა რომ სარკე იყოს, დავინახავდით ვის რა უჭირს ქვეყანაზე, ვის ულხინს, მერე დალხინებულები წავიდოდნენ გაჭირვებულებთან და მიეხმარებოდნენ... რა კარგი იქნებოდა, ცა რომ სარკე იყოს...

ღმერთი რომ სხვაგან იყოს, შორს ჩვენგან, ცალკე და მაღლა, ღმერთი რომ ჩვენში არ იყოს, მაშინ ყველა იწამებდა".

"ადამიანი ფრესკა არ არის, რომ პირდაპირ მიაჩერდე. ადამიანი ქანდაკებაა, გარს უნდა შემოუარო და იმ მხრიდან შეხედო, საიდანაც უკეთესად იმზირება.

ერთი დიდი, თეთრი ბაირაღი უნდა ფრიალებდეს ამაყად ჯომოლუნგმაზე, ნიშნად უსაზღვრო სათნოებისა, სიკეთისა და სიყვარულისა.

უამრავი ნაკლის მიუხედავად ქართველს ისეთი თაკარა გული, უმზესი სული და მაღალი ბუნება აქვს მთელს სამყაროს დასწვავდა, კავკასიონის მარადი თოვლი რომ არ აგრილებდეს და აშოშმინებ


ნოდარ დუმბაძე

კატეგორია: საინტერესოა
Tags:

25


  • bachia777 თქვა:
    15 მარტი 2013 16:50 - ID: 25,
    ჩემი ყველაზე საყვარელი მწერალი love ძალიან სასიამოვნო ნიუსია love

  • gretta თქვა:
    14 მარტი 2013 19:56 - ID: 24,
    ჩემი უსაყვარლესი მწერალი :) რომელმაც წიგნის კითხვა შემაყვარა :)

  • Nini )) თქვა:
    12 მარტი 2013 19:14 - ID: 23,
    რა მაგარი ნიუსიია !! love

  • Smiley :) თქვა:
    12 მარტი 2013 17:26 - ID: 22,
    ერის სიამაყე, ადამიანი გენია, საუკეთესო მწერალი, რომელიც აქამდე ოდესმე ჰყოლია ჩვენს ქვეყანას! სრულყოფილი ნიუსია, სხვა რა ვთქვა არც კი ვიცი, ულაპარაკოდ ფავორიტებში feel

  • Bao თქვა:
    12 მარტი 2013 16:53 - ID: 21,
    უ-უ-უმაგრესიი კააციი! love არასდროს მბეზრდება: 'მე ბებია ილიკო და ილარიონის'კითხვაა და არც მომბეზრდება! ყველა მისი ნაწარმოები იმდენად გამსჭვალულია: სითბოთი, სიყვარულით, იუმორით და ყველაფრით კარგით, რომ როგორ უნდა მოგბეზრდეს მათი კითვა და როგორ არ უნდა გიყვარდეს ეს კაცი. ძალიან კარგი პუბლიკაცია იყო! love

    -ვაშალომიძე! ვა-შა-ლო-მი-ძე! ;დ
    ღმერთმა ნათელში ამყოფოს ჩვენი ნოდარი feel




    ________________________
    Visca el Barca, Visca el Catalonia!

  • Ggvantsa თქვა:
    12 მარტი 2013 15:36 - ID: 20,
    შეუდარებელი მწერალია, იმდენად ხშირად ვკითხულობ მის ნაწარმოებებს რომ თითქმის ყველა ზეპირად ვიცი და ყოველ ჯერზე გულიანად ვიცინი და ვტირი feel
    მადლობა ამ ნიუსისთვის winked
    P.S. მე ვიცი რომ პირველი ინფარქტი ბავშვობაში, მაშინ მიიღო დედამისი, რომ წაიყვანეს ჩეკისტებმა

  • Afrodite...♥ თქვა:
    12 მარტი 2013 12:35 - ID: 19,
    ერთადერთი ნათელი წერტილი მეოცე საუკუნის ქართულ შემოქმედებაში. მიუხედავად საქართველოში არსებული ასეთი ტრაგიკული სიტუაციებისა, ნოდარმა შეძლო და ქართველ ხალხს დაუბრუნა თავისი კომედიური ჟანრის ნაწარმოებებით ხალისი. მისი "დედა" ჩემთვის ყველაზე გამორჩეული ნაწარმოებია.
    თაკო არაჩევეულებრივი, ფანტასტიური(რავიცი მეტი კომპლიმენტი ამ წუთას არ მაგონდება) ადამიანი ხარ, რომ ყველას კიდევ ერთხელ გაგვახსენე ეს ბუმბერაზი პიროვნება
    love

  • s თქვა:
    12 მარტი 2013 00:57 - ID: 18,
    ვგიიიჯდები ამ კაცზე <3 <3

  • Rainbow თქვა:
    12 მარტი 2013 00:28 - ID: 17,
    სიამოვნებით ვკითხულობდი
    ძალიან კარგიადამიანი იყო
    მიყვარს ძალიან

  • MELINDA თქვა:
    11 მარტი 2013 23:48 - ID: 16,
    ვაიმე არც კი ვიცი რა სიტყვები ეყოფა ამ ადამიანს და მის შემოქმედებას! ალბათ არ არსებობს ამ ქვეყნად ქართველი,რომელსაც მისი თუნდაც ერთი რომანი,ან პატარა მოთხრობა მაინც არ წაეკითხოს,ან ბავშვი რომელსაც მისი ერთი ლექსი მაინც არ აქვს ნასწავლი.ყველა ასაკში ერთნაირად გასაგებია,საოცრად ადამიანური ენით აქვს დაწერილი.ბევრჯერ მიტირია და ბოლო ხმაზე მიცინია კიდეც როცა დუმბაძის ნაწარმოებებს ვკითხულობ ხოლმე. ძალიან კარგი ნიუსია და კარგი იქნება თუ ხშირად დადებთ ასეთ ნიუსებს

  • Alice თქვა:
    11 მარტი 2013 23:22 - ID: 15,
    ამ ადამიანის შემოქმედებასთან ერთად გავიზარდე.თითოეული ნაწარმოები უდიდეს ემოციას მჩუქნის.ბევრჯერ მიტირია და თან მიცინია კითხვის დროს.სიტყვები არ მყოფნის ამ ადამიანის ნიჭის გამოსახატავად..უბრალოდ წაიკითხეთ და იგრძენით სიყვარული.
    მეც ვხედავ მზეს :)

  • ani_1008 თქვა:
    11 მარტი 2013 23:04 - ID: 14,
    ავტორს დიდი მადლობა <3 ძალიან მაგარი ნიუსია <3

  • beonce თქვა:
    11 მარტი 2013 22:39 - ID: 13,
    ერთერთი გამორჩეული მწერალია ქართულ ლიტერატურაში!ყველაზე ძალიან მიყვარს ქართული მწერლებიდან.საოცარია მისი სულის თავისუფლება.ამდენი რამის გადატანა შეძლო და მაინც არ დაკარგა მისი ხასიათი love love ამდენი უბედურება რატომ მოუვლინა ღმერთმა?! recourse
    Johnny depp
    ავტორო,უღრმესი მადლობა,რომ ასეთ ნიუსებს ქმნი! feel

  • Ana))))))) თქვა:
    11 მარტი 2013 22:10 - ID: 12,
    love

  • miracles თქვა:
    11 მარტი 2013 22:03 - ID: 11,
    love

  • -kristi თქვა:
    11 მარტი 2013 22:00 - ID: 10,
    ვგიჟდებიი....♥♥♥ უზომოდ მიყვარსსს... love love

  • Smutniak თქვა:
    11 მარტი 2013 21:37 - ID: 9,
    თაკო შენ რო ნიუსებს დებ ტყუილია რაა,ბრწყინვალე ხარ love

  • ELE-elene თქვა:
    11 მარტი 2013 21:36 - ID: 8,
    Johnny depp,
    მართლა ძალიან კარგი სიახლეა, ყოჩაღ... ყველაფრით სრულყოფილი და ემოციური.. love

  • tamo თქვა:
    11 მარტი 2013 21:34 - ID: 7,
    წაკითხვის გარეშე ფავორიტებში

  • Scouser Kate თქვა:
    11 მარტი 2013 21:21 - ID: 6,
    შენ შემოგევლე ავტორ, გაიხარე რა იმენა ძმა ხარ. როგორ გამახარა ამ ნიუსმა შენ არიცი.. დუმბაძეზე კიდე ვერ ვიტყვი მე ვერაფერს არ მაქვს შესაბამისი სიტყვების მარაგი, გენია იყო და მადლობა ღმერთს ესეთები მრავლად გვყავს ქართველებს!

« 1 2 »
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top