10 September 2013      Perfection❣     Views 11 076    
Category: Fun, Interesting

ლეონარდო დაიბადა 1452 წელს, პატარა ქალაქ ვინჩის მიდამოებში (ამიტომ იხსენიებენ მას ლეონარდო და ვინჩად). თოთხმეტი წლისა იყო, როცა ფლორენციაში გადავიდა. მამამ ლეონარდო სასწავლებლად მიიყვანა გამოჩენილი ფერმწერისა და მოქანდაკის, აღორძინების ეპოქის ფრიად განსწავლული და მრავალმხვრივი ადამიანის, ანდრეა ვეროკიოს სამხატვრო სახელოსნოში.
ლეონარდომ ბევრი რამ ისწავლა ვეროკიოს სახელოსნოში, მაგრამ, როგორც მისი თანამედროვენი ირწმუნებიან, ძალიან მალე შორს მოიტოვა თავისი ამხანაგები და თვით მასწავლებელიც.


ლეონარდო და ვინჩი (1452-1519)

საიდან მიიღო ახალგაზრდა მხატვარმა ცოდნა, რომელმაც ასე დიდი შემოქმედებითი ძალა შემატა მას? უწინარეს ყოვლისა-ბუნებისაგან, თვით ცხოვრებისაგან. ლეონარდო სიყრმიდანვე არ იშორებდა თავის უბის წიგნაკს, რომელშიაც იხატავდა ყველაფერს, რაც დააინტერესებდა: ბორცვებსა და მინდვრებს, ბალახებსა თუ რკოს, ხესა და ქალწულის უბიწო სახეს, კატას, თათებით რომ პირს იბანს, ქსოვილის ნაკეცებს. „დამრიგებლად ბუნება ავირჩიე-ყველა მასწავლებლის მასწავლებელი“, წერდა იგი თავისი მუშაობის შესახებ.

ლეონარდო და ვინჩი (1452-1519)

ლენინგრადში, ერმიტაჟში, ინახება ჩვენამდე მოღწეული ლეონარდო და ვინჩის ერთ-ერთი ადრინდელი ნამუშევარი „მადონა ყვავილით“, იგივე „მადონა ბენუა“ (სახელწოდება „ბენუა“ წარმოსდგება სურათის ყოფილი მფლობელის გვარიდან. 1478წ.).


ნახატის განხილვა:

ლეონარდომ აირჩია მისი დროისათვის მეტად ჩვეულებრივი თემა: მადონა ყრმით-დედობის ამ სიმბოლოს უმღერდნენ აღორძინების ეპოქის მხატვრები. ლეონარდოს მადონა თავის პირმშოს ყვავილს აწვდის და ნაზი ღიმილით უთვალთვალებს; რა მოუხერხებლად ეტანება ჩვილი ყვავილს. მაყურებლის წინ სრულიად უბრალო ცხოვრებისეული სცენაა. რეალობის მისაღწევად ლეონარდო ცდილობდა გამოსახულება უფრო რელიეფური და მოცულობითი ყოფილიყო.

ლეონარდო და ვინჩი (1452-1519)

1481 წელს ლეონარდო და ვინჩიმ დატოვა ფლორენცია და გადავიდა მილანში. მილანის მმართველს ლოდოვიკო სფორცას სურდა თავის კარზე მიეწვია ლეონარდო, რომელიც მხატვარიც იყო და ინჟინერ-გამომგონებელიც. ბრინჯაოს ცხენოსნის, ლოდოვიკო სფორცას მამის ძეგლის შექმნა იყო პირველი დავალება, რომელიც ლეონარდომ მილანის მმართველისაგან მიიღო. მაგრამ ეს ძეგლი, რომლის გამოძერწვას ლეონარდომ მრავალი წლის შრომა შეალია, დაიღუპა. იგი ბრინჯაოსგან არ იყო ჩამოსხმული, რამდენიმე წლის შემდეგ, მილანის აღებისას, ფრანგებმა გაანადგურეს.

სინესტისაგან დაზიანდა მილანში შესრულებული ფრესკა „საიდუმლო სერობაც“, რომელიც მხატვარმა 1495-1497 წლებში დახატა. თემა ნასესხებია ცნობილი ლეგენდიდან: მტრების მიერ დევნილი ქრისტე ვახშამზე (სერობაზე) საიდუმლოდ ხვდება თავის უახლოეს მოწაფეებს, აძლევს მათ დარიგებას და წინასწარმეტყველებს: „ერთი თქვენგანი გამცემს მე!“- ყველა განცვიფრებულია და ცდილობს, გამოიცნოს მოღალატე.


ნახატის განხილვა:

ლეონარდომ ბრწყინვალედ აღბეჭდა ადამიანის სულის მოძრაობა, თითოეულისთვის დამახასიათებელი სახე. მარცხენა მხრიდან გულუბრყვილო, მოუხეშავი კაცი წამომდგარა, მთელი ტანით დაყრდნობია მაგიდას და განცვიფრებული შეჰყურებს ქრისტეს. მის გვერდით მყოფს ხელები უკან წაუღია, ფრთხილად, წყნარად ეხება მეზობლად მჯდომ მოხუცის მხარს, რომელსაც დანა მოუმარჯვია, წამომხტარა და მზადაა ეცეს მოღალატეს, მოღალატე იუდა კი მათ გვერდით ზის. იუდას შეშინებული სახე აქვს, თავი უკან გადაუწევია, ხელები უხერხულად აუშვერია, ისე, თითქოს თავის დაცვა სწადია, თან გამჟღავნებისა ეშინიაო, მაგრამ ქისა მაინც ჩაუბღუჯავს, რომელშიც ღალატისათვის წინასწარ მიღებული საფასური, ოცდაათი ვერცხლი უდევს.

ამ ნაწარმოებით ლეონარდო წარსდგა საზოგადოების წინაშე, როგორც დიდი ფერმწერი, ადამიანთა ხასიათებისა და ქცევის უბადლო მცოდნე.

სუფრასთან მსხომდთა მოსასხამების ფერები ისეა შერჩეული, რომ ფერთა სიძლიერე ცენტრისაკენ მატულობს და ხაზს უსვამს ქრისტეს ფიგურის მნიშვნელობას, რომელიც გამოირჩევა შორეული მოცისფრო პეიზაჟის ფონზე.

ლეონარდო და ვინჩი (1452-1519)

თავისი სიცოცხლის უკანასკნელი ორი ათეული წელი ლეონარდომ ხეტიალში გაატარა. ერთი ადგილიდან მეორეზე გადადიოდა, ეძიებდა, მაგრამ ვერსად ვერ ჰპოვა საქმე. მის ნიჭს რომ შესაფერად გამოავლენდა. ამ პერიოდის ნაწარმოებთაგან ყველაზე უფრო მნიშვნელოვანია პორტრეტი, რომელიც ლუვრში(პარიზი) ინახება და მთელს მსოფლიოში ცნობილია „ჯოკონდას“ სახელით.


ნახატის განხილვა:

სურათზე გამოსახულია ახალგაზრდა ქალი. მისი გულისყურიანი მზერა, ოდნავ გაპობილი ბაგე და შეფარული ღიმილი ურთიერთსაწინააღმდეგო განწყობილებებსა და გრძნობებს გამოხატავს: ჩაფიქრებას, ოცნებას, დახშულ ნაღველს და ირონიასაც კი. შუქჩრდილის ჰაეროვანი ლიცლიცი ფორმების რელიეფს ქმნის, სახის მიმიკის გახსნას შველის, გვიქმნის რთული სულიერი ცხოვრების, სინატიფისა და სინაზის შთაბეჭდილებას. ლეონარდოს ამ ნაწარმოებში მთელი ყურადღება გადატანილია ადამიანის მდიდარი შინაგანი სამყაროს გახსნაზე, როგორადაც ეს ფერწერას ძალუძს.

ლეონარდო და ვინჩი (1452-1519)

ლეონარდო და ვინჩიმ თავის სიცოცხლის უკანასკნელი წლები საფრანგეთში გაატარა. გარდაიცვალა იგი 1519 წელს, ამბუაზის მახლობლად, კლუს ციხე-დარბაზში.
ჩვენს დრომდე მოაღწია ლეონარდოს დაახლოებით ათამდე სურათმა. გარდა ამისა, შემორჩენილია უამრავი ჩანახატი, ნახაზი და სხვადასხვა ჩანაწერები.



ნათლისღება (1472-1475) – უფიცის გალერეა, ფლორენცია, იტალია

ლეონარდო და ვინჩი (1452-1519)


ხარება (1475-1480) – უფიცის გალერეა, ფლორენცია, იტალია

ლეონარდო და ვინჩი (1452-1519)


კლდეთა მადონა (1483-1486) – ლუვრის მუზეუმი, პარიზი, საფრანგეთი


ლეონარდო და ვინჩი (1452-1519)

ქალი ყარყუმით (1488-1490) – ჩარტორისკის მუზეუმი, ვარშავა, პოლონეთი

ლეონარდო და ვინჩი (1452-1519)

მადონა ლიტა (1490-1491) – ერმიტრაჟი, სანქტ-პეტერბურგი, რუსეთი


ლეონარდო და ვინჩი (1452-1519)


ლეონარდო და ვინჩი (1452-1519)

Category: Fun, Interesting
Tags:

Share it
Comments
Back to Top