;

6 May 2013      ANGEL     Views 17747    
Category: Georgians, Tbilisi style, for ANGEL.ge



ალექსანდრა პაიჭაძე ქართველი მოდელი, შოუ-წამყვანი
და GDS-ს მუსიკალური ტოპ-10-ეულის ტელეწამყვანია. ის ნამდვილად გამორჩეული - It გოგონაა,
თუმცა სანდრასთან ინტერვიუ და მხოლოდ 1 ფოტოსესია საკმარისი არ იქნებოდა:

ალექსანდრა პაიჭაძე ენჯელ.ჯი-სთვის
პროექტში 1 celebrity = 5 looks, ფოტოგრაფი ელენე გოგელია



ANGEL ► მათთვის ვინც გიცნობთ და თვალს ადევნებს თქვენს ცხოვრებას თვალნათელია, რომ ვორქაჰოლიკი და აქტიური პიროვნება ხართ. პარალელურად რამოდენიმე სფეროში ერთად მოღვაწეობთ და მუშაობთ: მოდელი, სარეკლამო სახე, მსახიობი, შოუ წამყვანი და ახლა კი GDS-ს მუსიკალური ტოპ-10 ეულის წამყვანის ამპლუაში გიხილეთ. ამასთანავე ხართ მცირეწლოვანი დემეტრეს დედა და "ფეხბურთელის ცოლი" (მეუღლე: გიორგი ხატიაშვილი, ყოფილი ფეხბურთელი )
როგორ ახერხებთ ამ ყველაფრის შეთავსებას



❝ მათთვის ვინც მიცნობს კარგად იცის, რომ ამ ყველაფრის განხორციელებაში ჩემი და გიორგის ოჯახი მეხმარება, არასოდეს ვმჯდარვარ გულზეხელდაკრეფილი, მაშინაც როცა ჩემი ოჯახი უზრუნველყოფილი იყო, დავიწყე პრომო გოგონათი, შემდეგ საბავშვო გასართობ ცენტრში ორგანიზატორ-ანიმატორი ვიყავი, მიყვარს ბავშვებთან ურთიერთობა და მათი ფსიქოლოგიის შესწავლაში ეს პერიოდი ძალიან დამეხმარა, ღვინის ერთ-ერთი ბრენდის პრომო-სეილ გოგონაც ვიყავი 1 წლის განმავლობაში, კაზინო აჭარაში უამრავ ხალხთან მიწევს უკვე 4 წელია ურთიერთობა ესეც ძალიან მეხმარება ადამიანების ამოცნობასა და ასე თუ ისე გარჩევაში, პარალელურად არცერთი მოდის კვირეული არ გამომიტოვებია, ყველგან 100%-ით დატვირთული ვიყავი.❞

❝ ასევე მცდელობა მქონდა პარიზში მოდელობის დაწყებისა, რაც კრახით დამთავრდა, რადგან შეშინებული 3 დღეში გამოვბრუნდი, სამწუხარო და არასასიამოვნო მოგონებებით ამ ქალაქზე. ჩემი პროფესია ანუ დიპლომი მოიცავს ასევე ადამიანებთან ურთიერთობას, გაყიდვებს, მოლაპარაკებებს, პრეზენტაციებს, და ჩემი სამსახურეობრივი გამოცდილება ამ ყველაფერში ძალიან მეხმარება, ანუ მეტყველება, პრეზენტაცია და საკუთარი თავის წარმოჩენა პრობლემას აღარ წარმოადგენს, საერთოდ ვთვლი რომ ადამიანმა მინიმუმიდან უნდა დაიწყოს, და არ მიმაჩნია სწორად უფროსი თაობის შეხედულება რომ სადმე მუშაობა "ტეხავს", მოკლედ შრომით მოპოვებული ძალიან ტკბილია და საამაყო.❞


#1 ტყავის კურტკა morgan, კაბა თამუნა ინგოროყვა, ბატინკები dr. martens, ჩანთა massimo dutti




► დედის ამპლუაში ❝ დედობა და მუშაობა ნამდვილად შეთავსებადია, ჩემი აზრით ქალი რეალიზებული უნდა იყოს, მუდამ თავაწეული ლამაზი ქმრის გვერდით და სამაგალითო სხვა ქალებისთის. ❞

❝ ქალს ახალგაზრდა დედობა უხდება, როგორც კი ბავშვი წამოიზრდება ზრუნვა უნდა დაიწყოს ყველამ კარიერაზე, და სკოლის ან ბაღის პერიოდის ბავშვი უფრო მარტივი გასაზრდელი და მოსავლელია, დროც ბევრია, მოკლედ ყველა ქალი უნდა მუშაობდეს სასიამოვნო სამსახურში და რა თქმა უნდა ბედნიერი იყოს ამით..❞

❝ ზოგჯერ მგონია რომ ჩემი ცხოვრების კარგიც და ცუდიც კუბიკებივითაა, ჯერ კარგი მერე ცუდი და ენაცვლება ეს ორი უკიდურესობა, მაგრამ ეს ცვლილებაც ალბათ ჩემი დამსახურებაა, ვთვლი რომ გამოუსწორებელი ოპტიმისტი ვარ, ვცდილობ ყოველთვის კარგზე ვიფიქრო, ყველაზე უარესი სიტუაციიდან მინდა სინათლის წერტილი დავინახო რომ მას მოვეჭიდო, მგონია რომ ყველაფრიდან არსებობს გამოსავალი, ზოგჯერ ზედმეტად რომანტიულიც ვარ. ჩემ ცხოვრებაში რასაც შევცვლიდი ეს არის უფრო მეტი დრო დასვენებისთვის და რა თქმა უნდა დიდი შემოსავალი. იმედია მოვა დრო როცა მოდელის და მსახიობის პროფესიული საქმიანობა ისე დაფასდება რომ ლამაზმა და ნიჭიერმა გოგონებმა და ბიჭებმა ამით იცხოვრონ და ამის იმედი ქონდეთ, თეატრის მსახიობს რომ 5 ლარი ექნება სპეკტაკლიდან და მოდელს აგენტი 50 ლარზე ევაჭრება, ეს ჩემი აზრით, სასაცილოა. მოკლედ მინდა უფრო მეტი თავისუფალი დრო დასასვენებლად და ჩემ მეუღლესთან განსამარტოვებლად, მიყვარს ყოველდღე სახლში მისულს რომ მეგებებიან.



► კარიერა ტელევიზიაში მუსიკალური ტოპ-ათეული GDS-ზე და ზოგადად ტელევიზია მიმაჩნია რომ დიდი მიღწევაა და ღმერთს მადლობას ვეუბნები ამისთვის, რადგან ყველა ჩემი წინ გადადგმული ნაბიჯი წყალობაა..❞

ტელეკრანი ჩემი ოცნებაა, ვთვლი რომ გადაცემა რითაც ახლა ვარ დაკავებული არაჩვეულებრივია, თუმცა გავაკეთებდი მეტად სერიოზულ, უფრო საინტერესო და ცხოვრებისეულს და ასევე მაგარ თოლქშოუს , არა ისეთს როგორიც ახლაა ბაზარზე, განსხვავებულს და საინტერესოს, თუნდაც მცირე სეგმენტზე გათვლილს. მედია ბიზნესი ძალიან საინეტერსოა და დიდი, ასე რომ თუ ეკრანის უკან გადავინაცვლებ რა თქმა უნდა ამ სფეროზე არ ვიტყვი უარს.!❞

ტოპ-ათეულის წამყვანი ამბობს, რომ: ❝ ჩემი playlist არ არსებობს, ანუ იმის დრო არ მრჩება რომ ახალ სიმღერებს ჩემ მობილურში სინქრონიზაცია გავუკეთო, უბრალოდ თითქმის მთელი პოპ სამყარო შევისწავლე ამ 6 თვის განმავლობაში და გავითავისე პოპ ინდუსტრია, არც ისე ცუდია, მთელი დასავლეთ სამყარო ამ ჟანრით ერთობა სახლშიც, კლუბშიც, მანქანაშიც და ა.შ. ❞

მე არ ვიცნობ გოგოს რომელიც მოდელობით რჩენას აპირებს, მაქსიმალურად ვცდილობ ყველას მხარში დავუდგე, სამსახური იქნება ეს თუ ნებისმიერი სხვა რამ, ხშირად დამსაქმებელსაც მეძახიან. ძალიან მიყვარს და პატივს ვცემ ნიჭიერ და კარგ ადამიანებს, ყოველთვის ვიქნები მათ სამსახურში, ჩემთვის ურთიერთობებია უმთავრესი და არა გამორჩენა. ❞


#2 ჯინსის ქვედაბოლო ვინტაჟი, ორგანზის ბლუზი თამუნა ინგოროყვა, ფეხსაცმელი topshop



❝ არასოდეს დამავიწყდება არცერთი სიკეთე და ველოდები იმ დროს როცა შემეძლება ლამაზად და ორიგინალურად დავუბრუნო ამ ადამიანებს ჩემითვის ოდესღაც გაწეული სამსახურის მადლიერება, სამწუხაროა რომ ყური მოვკარი - ჩაწყობით მივიდა, ჩაწყობით მიიღეს, ჩაწყობით მიყავს და აშ. მაგრამ დამიჯერეთ ცხოვრებაში 1000 კასტინგი მაქვს გავლილი და ნახევარზე მეტზე არ ავურჩევივარ, თუმცა ამ ყველაფერს საჩემოდ, განსავითარებლად, გასაკარგებლად, დასახვეწად ვიყენებდი. ❞ 

► დღის რეჟიმი ❝ დღე იწყება 8 საათზე, დემეს და გიოს ფაფას ვუმზადებ (ჰერკულესის) მერე GDS-ში მივდივარ, იქ მაკიაჟს, თმას ვიკეთებ და მომზადებიდან 1 საათში ანუ როგორც კი ჩაიწერება გადაცემა თავისუფალი ვარ. დღისით თუ რამე საქმე, სალონი, მეგობრები, ქასთინგი მაქვს მოვივლი ქალაქს და სახლში ვბრუნდები, დასვენების შემდეგ საღამოს კაზინო აჭარაში მივდივარ, ის უკვე ჩემი მეორე სახლია, ძირითადად მეგობრებს იქ ვიღებ, ჩვენთან ყავა-ჩაი და უალკოჰოლო სასმელი უფასოა, ამიტომ კარგად ვერთობით საღამოს 10დან :)) ❞

❝ ვამაყობ, რომ სულ მალე გამოვა რეკლამა სადაც მთელი ოჯახი - მე დემეტრე და გიორგი, როგორც ერთი ბედნიერი ოჯახი ასე ვართ წარმოჩენილი, პრინციპში ეს ასეც არის ულამაზესი ეკრანიზაციით.. ❞

თემატური ნიუსი: ალექსანდრა პაიჭაძე და გიორგი ხატიაშვილის ვაჟი



► თავის მოვლა და მოდელის კარიერა

❝ ვთვლი რომ ორსულობამ ჩემი ორგანიზმი 180 გრადუსით მოატრიალა უკეთესობისკენ, იყო უამრავი პრობლემა ჩამოთვლას ვერ დავიწყებ, თუმცა ვიტყვი რომ ნივთიერებათა ცვლა მომიწესრიგდა და ამის შემდეგ ბუნებრივად დავიკელი, იმაზე მეტი ვიდრე 18-19 წლისას ვიყავი, ახლა სამოდელოდ იდეალური პარამეტრები მაქვს, თუმცა ეს საქმიანობა ჩემთვის მხოლოდ გართობა, კარგი მოგონებები და ფოტოებია.. მინიმალური შემოსავალი და უფრო მნიშვნელოვანი კონტაქტები, რთულია ყოველ ჯერზე ისმინო, ეს ხომ კარგი გამოცდილებაა შენთვის, გამოცდილება ხომ საჭმელს და სასმელს ვერ გიყიდის ჩვენ ქვეყანაში, საერთოდ არ აინტერესებთ გამოცდილება. ❞

❝ რაც ჯინჯერის ჩაიზე სტატუსი გამოვაქვეყნე ჩემი ინბოქსი აფეთქდა სხვადასხვა ადამიანების კითხვებით, რეცეპტების მოთხოვნებით, სულ უცხო გოგონები მწერდნენ, მე ყველას გირჩევტთ იუთბს ხშირად ეწვიოთ არა მარტო მუსიკის მოსასმენად არამედ რჩევების მოსასმენად, ეს ჩემი ვიკიპედიაა რომელშიც ვიდეოს დახმარებით უამრავ "ჭეშმარიტებას" ვეცნობი.. ასე რომ ნებისმიერ საკითხზე მიაკითხთ იუთუბს, ვიკიპედიას, გუგლს და დარწმუნებული ვარ დაიკმაყოფილებთ ინტერესს, მაგალითად, მაკიაჟის გაკეთება თამამად შემიძლია ვთქვა რომ იუთუბის მეშვეობით ვისწავლე. ასევე GMG ქალთა კლუბზე ყოველდღე 15:30 წუთზე არაჩვეულებრივი გაკვეთილები გადის მაკიაჟის სასწავლად, მოკლედ ინტერნეტს ბოლომდე ვიყენებ, არამარტო ჭორების და სისულელეების დასათვალიერებლად, არამედ რჩევების ჭკვიანი ადამიანების გამოცდილებების და ა.შ. გასათვალისწინებლად. ❞ 


#3 ჯინსი tom tailor, პიჯაკი და მაისური zara, ფეხსაცმელი topshop, სათვალეები rayban




❝ ყველა ჩემ გარშემო დიეტაზეა, უბრალოდ ყველას ავიწყდება მიზეზი და არავინ არის შედეგზე ორიენტირებული, ამიტომ ყოველთვის არასრულფასოვანი და დაუმთავრებელი გამოდის დიეტა, მისი ახალი სახელია "Clean eating" ანუ სუფთად კვება, ზოგადად საშიში სიტყვა არ არის და საერთოდაც არ მოიცავს შიმშილს, უბრალოდ როდესაც გამიზნული არ გაქვს მყარად რა გინდა არასოდეს გამოგივა. ❞ 

► სტილი და მოდა

❝ ყოველდღე ქეჟუალ-სპორტულ სტილით ვიმოსები, მომბეზრდა სამსახურიდან გამომდინარე მაკიაჟის კეთებაც და გადაპრანჭვაც, ასე რომ ყოველთვის ვარ ჩვეულებრივ ფორმაში და განსაკუთრებულ going-out დღეებში ვცდილობ მაქსიმალურად გამოვეწყო შესაფერისად, ეს აუცილებელია, არ მესმის იმ სტუდენტების რომლებიც უნვივერსიტეტში ქუსლებით და საღამოს კაბებით გამოწყობილი დადიან, ძალიან მაინტერესებს საღამოობით უფრო მეტად როგორ იპრანჭებიან :)) მიყვარს ევროპა და დასავლეთი, რადგან მთელი კვირა ყველა "ბომჟივით" კეტებით ან უგებით დადის და ელოდებიან პარასკევს, რომ მაქსიმალურად გაიპრანჭონ და გაერთონ, ვთვლი რომ ეს კონტრასტი უფრო საინტერესო და მიმზიდველია ვიდრე ყოველდღე გადაპრანჭული გოგონების ყურება და არანაირი ეფექტურობა. ❞



#4 საწვიმარი და ჩანთა ვინტაჟი, ჯინსი და ფეხსაცმელი zara, მაისური benetton, სათვალე Dior classic



რაც არ უნდა ცარიელი და ერთფეროვანი გარდერობი მქონდეს ხშირად აღნიშნავენ რომ ეს არ არის შესამჩნევი, ყოველთვის ვცდილობ აქცენტებით ტანსაცმლის გახალისებას, მიყვარს სპორტულ თხელ შარვლებზე მაღალქუსლიანი ფეხსაცმელები, ჯინსი უბრალო თეთრი მაისური და კედები, სათვალე ჩემი სუსტი წერტილია, უამრავი "საოცნებო" მოდელი მაქვს თუმცა ვცდილობ ანგარიში გავუწიო ჩემ ბიუჯეტს და სეზონზე 1 სათვალე შევიძინო, მიყვარს სანდლები მაღალ ქუსლზე და ჩანთები ჯაჭვებზე, მაქვს ჩემი საყვარელი შანელის ჩანთა, რომელშიც თითქმის არაფერი ეტევა, თუმცა შანელია.. ჩემი საყვარელი დაიკო (ანასტაცია) ხშირად მამარაგებს ვინტაჟის (მეორადი მაღაზიის) ულამაზესი შიფონის, აბრეშუმის, ჯინსის და ტყავის ტანსაცმლით, მე ვამაყობ რომ შემიძლია ვინტაჟი და ძვირფასი ერთმანეთს უპრობლემოდ შევუხამო, მიყვარს როდესაც ჩემ საყვარელ დაქალებს საჩუქრებით ვანებივრებ, თუნდაც ეს ერთი ორი დღის ჩაცმული ან ნახმარი ნივთი იყოს, ამ დროს ვამაყობ ჩემი თავით და მსიამოვნებს სხვისი სიხარული, მე ვთვლი რომ იმდენი შემოსავალი უნდა მქონდეს რომ ნახევარი თავისუფლად გავცე ქველმოქმედებაში, ამისკენ მივილტვი და გავიმიზნე თუმცა ვნახოთ რა იქნება. ❞

❝ ძირითადად ზარას დონის მაღაზიებში ვიმოსები
მაქვს ამოჩემებული საიტებიც, სადაც განხსვავებული ლამაზი და უნიკალური ნივთები იყიდება.




► style icon: ❝ ვიქტორია ბექჰემის თითქმის ყველა გლამ ინტერვიუ მაქვს წაკითხული და ნუ ვგიჟდები. ძველი ეპოქიდან ყველა ქალი სამაგალითოა ალბათ , მიყვარს თანამედროვე ძლიერი ქალები, ქართველებიდან - ეკატერინე ხვედელიძე, ერთი შეხედვით ერთ-ერთი სამაგალითო დედა და ქალბატონია. ❞

► ქართველი დიზაინერები

❝ ქართველი დიზაინერების შრომას და ამბიციებს პატივს ვცემ, თუმცა მათი ნამუშევრებით განებივრებული არ ვარ, ვთვლი რომ ცოტა გადამეტებულად აფასებენ, არვიცი ეს მათი გადასაწყვეტია, თუმცა ბევრად ჩემებურ ნივთებს უფრო დაბალ ფასში ვყიდულობ.. მიყვარს ინგოროყვა, ატელიე ინფორმალი და საბედნიეროდ უამრავი საინეტერსო დიზაინერი გამოჩნდა ამ მოდის კვირეულზე. ❞




რაც შეეხება მოდის ინდუსტრიას აქ ყველა ყველას მეგობარი, ნათესავი და ნაცნობია, ასე რომ ხშირად ისე ხდება რომ, უანგაროდ ან ბარტერის ხარჯზე ხდება გადაღებაც და თანამშრომლობაც, პრინციპში შეიძლება ეს უფრო მომგებიანია (ჩემთვის ყოველ შემთხვევაში) ანუ როდესაც ეს ჰობი და გართობაა უარს ვერასოდეს ვამბობ. ❞

#5 იისფერი კაბა koton, ლაბადა თამუნა ინგოროყვა, ფეხსაცმელი ზარა



► რჩევა ახალგაზრდებს

❝ არ მომწონს ქართველი (თბილისელი გოგოები) ყველა ერთნაირად რომ გამოიყურებიან : გრძელი თმა, კროპი ჯინსი და ტყავის კურტკა, ყველა ერთმანეთს გავს ქუჩაში. პროსტესტის ნიშნად თმა დავიმოკლე :)) ❞

❝ მიხარია,რომ ყველა კუთხეში სილამაზის სალონებთან და კაფეებთან ერთად მომრავლდა წიგნის მაღაზიები, მე უკვე ვზრუნავ იმაზე რომ დემეტრემ შეიყვაროს წიგნი და კითხვა, მგონი ჯერჯერობით გამომდის, მომწონს მოვლილი და დავარცხნილი გოგონები თუმცა ვთვლი რომ რამდენიმე ჩემი მეგობარი ბიჭი მართალია, მათი თქმით, უმრავლესობის თავში მარტო ეს ტრიალებს, ხანგრძლივი ურთიერთობისთვის გოგონები ვერ უპოვნიათ და სადაც გავიხედავ ყველგან ეს პრობლემაა, სამწუხაროა. ❞

თავისუფლება სილაღეა და არა სხვა რამ, ჩვენს გოგონებს მასიურად სილაღე აკლიათ, ბავშვური თინეიჯერული სილაღე, რაც უფრო ლამაზებად აქცევთ. ბიჭებს უფრო მოსწონთ გულწრფელ, თავისუფალი, ლაღი, მომღიმარი გოგონები და არა დაყენებული "გამარჯობა რას შვები"



ალექსანდრა პაიჭაძე ენჯელ.ჯი-სთვის
პროექტში 1 celebrity = 5 looks, ფოტოგრაფი ელენე გოგელია


Category: Georgians, Tbilisi style, for ANGEL.ge
Tags: 5looks, angel.ge-სთვის, 5 looks, ინტერვიუ, ალექსანდრა პაიჭაძე

Share it
Comments

« 1 2 »


Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

some articles are translated to English via google.com

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top