30 June 2014      ANGEL     Views 4 877    
Category: Georgians / for ANGEL.ge / Stars



მებო ნუცუბიძემ X FACTOR საკუთარი სურვილით დატოვა
აღნიშნული ინტერვიუ ჩაწერილია პროექტის დატოვების გადაწყვეტილების მიღებამდე


იქს ფაქტორის კონკურსში მონაწილე მებო ნუცუბიძე, რომელიც ასევე ცნობილია, როგორც მუსიკალური ჯგუფ BearFox-ის წევრი ენჯელ.ჯი-მ მცირე ინტერვიუზე დაითანხმა ნახევარფინალის საკონკურსო გადატვირთული პერიოდის პარალელურად. ინტერვიუ სოლო კარიერასა და ჯგუფის მოღვაწეობას ეხებოდა, რაც ერთი მეორესთან მჭიდრო კავშირშია.

ANGEL: რამ იმოქმედა თქვენს გადაწყვეტილებაზე - მიგეღოთ მონაწილეობა პროექტში, როდესაც თქვენი ჯგუფი უკვე ისედაც წარმატების გზაზეა?

მებო: გამარჯობა ^_^ ყოველთვის ძალიან მომწონდა პროექტი იქს ფაქტორი და თითქმის ყოველ სეზონს ვუყურებდი მის ბრიტანულ ვერსიას. როგორც კი გავიგე, რომ საქართველოში იმართებოდა, გადავწყვიტე გასვლა. და ისევ და ისევ მხოლოდ იმიტომ, რომ ჩემი ჯგუფი ასე უფრო გახდება პოპულარული. ყველას, ვინც იცნობს მებოს, ეცოდინება, რომ მებო არის ჯგუფ ბეარფოქსის მელა :3 ასე რომ, თუ აქამდე ბეარფოქსი პოპულარული იყო კონკრეტულ წრეებში, სადაც ასეთ მუსიკას უსმენენ, ახლა მას უფრო მეტი ადამიანი იცნობს. თანაც უკვე ფილარმონიაშიც დავუკარით.

ANGEL: როგორ შეეგუეთ underground მუსიკის სამყაროდან საკონკურსო გარემოში მოხვედრას ასეთ მცირე დროში?

მებო: საკმაოდ გამიჭირდა და ახლაც მიჭირს, სიმართლე გითხრათ. თანაც, მე არ ვარ ვოკალისტი, კლასიკური გაგებით. მე ვარ მუსიკოსი, რომელიც ქმნის საკუთარ მუსიკას და ან თუ აკეთებს რაიმე სიმღერის ქავერს, აბსოლუტურად ცვლის მას და ირგებს საკუთარ ჟანრში. კონკურსის ფარგლებში კი რამდენიმე ტურში არ მომეცა ამის საშუალება. დავალება მქონდა, როგორიც ორიგინალში იყო, ისეთ ხასიათში მემღერა. საკმაოდ გამიჭირდა, იმიტომ რომ ჩემთვის სიმღერა სპორტი არ არის, ყოველდღე რომ ივარჯიშო და მზად იყო. არც მსახიობობაა - სხვადასხვა როლები მოირგო და ხან ბედნიერად იმღერო, ხან სევდიანად, ხანაც სასოწარკვეთილად და ა.შ. ასე რომ, საკმაოდ რთულია ჩემთვის კონკურსის პირობები, თუმცა ვთვლი, რომ საკმაოდ კარგად ვუმკლავდები. კონკურსის შემდეგ კი ისევ დავუბრუნდები საკუთარ სიმღერებს და წარმომიდგენია, როგორი ბედნიერი ვიქნები ))




www.facebook.com/meboofficial
www.facebook.com/thebearfox




ANGEL: როგორ შეიცვალა BearFox-ის თაყვანისმცემლების დამოკიდებულება ჯგუფისადმი მას შემდეგ, რაც x ფაქტორში გამოჩნდით?

მებო: ისინი დადებითად შეხვდნენ ამ ამბავს. თანაც, კონკურსში გასვლამდე, მე და ბეთხომ (დათვმა), ვისაუბრეთ ამ თემაზე და შევთანხმდით, რომ კონკურსში არ გავაკეთებდი არაფერს ისეთს, რაც მებოს, როგორც ბეარფოქსის მელას იმიჯს შელახავდა და მის პრინციპებს შეეწინააღმდეგებოდა. ასე რომ, ჩვენი მსმენელებიც საკმაოდ დადებითად ხვდებიან ამ ფაქტს. შეიძლება ენატრებათ ჩვენი მოსმენა და ახალ სიმღერებს ელოდებიან. ამისთვის დიდ ბოდიშს ვუხდი მათ და ვპირდები, რომ იქს ფაქტორის დასრულებისთანავე დავუბრუნდებით სტუდიურ მუშაობას და ძალიან ბევრ სიახლეს შევთავაზებთ ჩვენს მსმენელს. მათ შორის, წინასწარ ვიტყვი, ვაპირებთ კლიპის გადაღებას!

ANGEL: x ფაქტორის განმავლობაში რომელ პერფორმანსს მიიჩნევთ ყველაზე ახლოს თქვენს ინდივიდუალურ მუსიკასთან ან თუნდაც BearFox-ის შემოქმედებასთან?მებო: რა თქმა უნდა Rihanna-ს We Found Love-ს. ის მთლიანად ბეარფოქსულად გაკეთდა და ლაივზეც ერთად დავუკარით.



ANGEL: საკმაოდ აქტიური ფეისბუქ ფეიჯი აქვს BearFox-ს და საკმაოდ ცნობილებიც ხართ, თუმცა ლაივ კონცერტებით გათამამებული არ არის მსმენელი, სამომავლო გეგმების შესახებ - გააგრძელებთ ჯგუფში მოღვაწეობას თუ სოლო კარიერას გაუყვებით, ახლა თუ ახერხებთ BearFox-თან ერთად ახალ სიმღერებზე მუშაობას და სად შეიძლება მოგისმინოთ უახლოეს მომავალში?

მებო: ეს საკითხი არც კი განიხილება. ანუ ბეარფოქსი ჩემთვის არ არის "ჯგუფი, სადაც ვუკრავ". ბეარფოქსი ვარ მე, ისევე როგორც ბეარფოქსია ბეთხო, ბიკო, აჩიკო და ცოტნე. ბეარფოქსი ვართ ჩვენ. ეს ჩვენი ოჯახია, ჩვენი სამყარო. შესაბამისად, ბეარფოქსი აუცილებლად გაგრძელდება და უფრო და უფრო მეტ სიახლეს შესთავაზებს მსმენელს. 13 ივლისს პოლონეთში ვუკრავთ ფესტივალზე, ქალაქ ლუბლინში. ძალიან მოეწონათ ჩვენი მუსიკა და მიგვიწვიეს. საქართველოშიც ვგეგმავთ უკვე ლაივებს. ასე რომ, სულ მალე იმდენი ლაივი გვექნება, არავის დავტოვებთ უკმაყოფილოს.

ANGEL: რა არის x ფაქტორში მიღწეული წარმატების მთავარი სტიმული თქვენს ცხოვრებაში?
მებო: ბეარფოქსი :3 და იმის იმედი, რომ ერთ დღეს ბეარფოქსით მსოფლიოს დიდ სცენებზე დავუკრავთ.

ANGEL: როგორ ფიქრობთ, თუ გაიზარდეთ პროფესიონალურ დონეზე კონკურსის ფარგლებში და x ფაქტორის განმავლობაში დაგროვილი გამოცდილების ფარგლებში შეძენილი თვისებებიდან, რომელი მათგანი გამოგადგებათ ყველაზე მეტად სამომავლოდ?

მებო: გამძლეობა. იქს ფაქტორი ეს არის მარათონი - ნერვების და გამძლეობის უდიდესი ტესტი. ასე რომ, თუ ამ ტესტს ჩააბარებ, მერე უფრო ძლიერდები. ხანდახან არის მომენტები, რომ ფიქრობ, დავიღალე, დასვენება მინდა. მერე ხვდები, რომ ეს მარათონია და არ უნდა დანებდე.




წარმატებას ვუსურვებთ მებოს იქს ფაქტორის კონკურსზე და შემდგომ, BearFox-ს მუსიკალურ კარიერაში
ჟურნალისტი: თათია ონიანი www.angel.ge-სთვის


Category: Georgians / for ANGEL.ge / Stars
Tags:

Share it
Comments
Back to Top