;
19 მარტი 2013      Johnny depp     12 კომენტარი     ნანახია 1843-ჯერ    
კატეგორიაში: ვარსკვლავები

Legends Never Die Legends Never Die

ნაკლებად ცნობილი ცნობები ლეგენდარული რეჟისორის, ფედერიკო ფელინის შესახებ

ვარსკვლავებით მოჭედილ ზეცას ყოველწლიურად ემატება ახალ-ახალი მნათობები. მათ შორის ძველებურად კაშკაშებს ფელინის ვარსკვლავი, ფელინის პლანეტა. ცნობილმა იტალიელმა მწერალმა პეტრო ჩიტატიმ ასეც კი თქვა: “ღმერთმა იმისთვის შექმნა სამყარო, რომ ფელინის მისგან თავისი ფილმები გამოეძერწა” .მსოფლიო კინო წარმოუდგენელია ფელინის გარეშე.არა მხოლოდ იმიტომ, რომ იგი ტიპური იტალიური მოვლენაა, არამედ იმიტომაც, რომ მან უდიდესი გავლენა მოახდინა მთელი მსოფლიოს კინემატოგრაფზე.მისი გასაოცარი ბაროკო, ასე დატვირთული დეტალებით, რუბენსისეული და სნაიდერისეული საწყისების უხვად გამოყენებით, სიცოცხლის სიყვარულს, მისი დიდ ბუნებას, ხასიათს, სულიერ სიჯანსაღეს გამოხატავს. უეჭველია, ეს სიცოცხლის დამამკვიდრებელი შემოქმედებაა. მაგრამ ამის შესახებ ზედმეტი იქნებოდა საუბარი, რომ არა სურვილი, კიდევ ერთხელ დაგვემტკიცებინა, რომ ნებისმიერი ხელოვანის შემოქმედება ყოველთვის გამოხატავს რწმენას, ჩვენ მომავლის სულს გვიდგამს. მაშინაც კი, თუ მას თავისი თანამედროვე საზოგადოების კრიზისის გამოხატვა სურს. ეს ეხება "ტკბილ ცხოვრებასაც" და "კაზანოვასაც". ადამიანის სულიერ კრიზისზე ისეთი სიყვარულით ჰყვება, რომ ფილმის საბოლოო აზრი თავდაპირველ ჩანაფიქრს ეწინააღმდეგება. ფელინი ძალიან კეთილი ადამიანია. არ ყოფილა შემთხვევა, ახალგაზრდა კინემატოგრაფისტებს ან თავისი ამხანაგებს, რომლებიც დახმარებისთვის მიმართავდნენ, არ დახმარებოდა. ეს პიროვნების სიდიადესა და სულიერ უანგარობაზე მეტყველებს. საოცარი სიზმრების და პერსონაჟების მთელი სამყარო შექმნა. ეკრანზე გამოიტანა იშვიათი სანახაობა, ადამიანური ცხოვრების დეტალებისგან და ნამსხვრევებისგან წარმოადგინა უცნაური ისტორიები და მოზაიკა. მას თავისი უსაზღვრო ფანტაზიით ხშირად ადარებენ შექსპირს. მისი გავლენა განიცადეს ისეთმა ცნობილმა რეჟისორებმა, როგორიცაა კუროსავა და ტარკოვსკი, ბერგმანი და ბუნუელი. დებიუტანტი ბუნუელი, ნახევრად ხუმრობით საკუთარ თავს “ფელინისტად” მოიხსენიებდა. შეიძლება ითქვას, რომ ფელინიმ კინოს სამყაროს “ფელინიზაცია” მოახდინა და მთელ მსოფლიოში თავისი კვალი აღბეჭდა.

Legends Never Die

ბავშვობაში მოხეტიალე ცირკთან ერთად გაიპარა. რამდენიმე დღე სახლში არ ყოფილა და პატარა ფედერიკო ისე მოხიბლა ცირკმა, რომ მასთან მომავლის დაკავშირებაც კი სურდა. მაგრამ მაინც რეჟისორი გახდა, თუმცა მის ფილმებში ბავშვობის დაუვიწყარმა შთაბეჭდილებებმა ნოსტალგიური ნოტა გააჟღერა.✖

✖ ფედერიკო ფელინი ასე ეცნობოდა: “მე იტალიელი ვარ, რომის მოქალაქე”. თუმცა ის დაიბადა არა რომში, არამედ პროვინციულ ქალაქ რიმინიში 1920 წლის 20 იანვარს. მამამისი კომივოიაჟერი იყო, დედა – პატარა და ნაზი ქალი, თუმცა საკმაოდ ეჭვიანი, რის გამოც ხშირად იმართებოდა ოჯახური სცენები და არცთუ უსაფუძვლოდ, რადგან ფელინის მამა მსწრაფლმყვარებადი და ღალატში შემჩნეული კაცი გახლდათ. მომავალი გენიოსის ბავშვობაზე ოჯახურმა კინკლაობამ თავისი კვალი დატოვა.✖

თანაკლასელ ტიტა ბენცის დღემდე უკვირს, როგორ გადადიოდა ფელინი კლასიდან კლასში, რადგან ის[/b ] “არასოდეს არაფერს სწავლობდა”. ამხანაგიც უცნაური იყო: “არც ცუდი, არც კარგი, რაც მთავარია – დამოუკიდებელი, არავის ემორჩილებოდა” .✖

✖18 წლის ფელინის [b]მობეზრდა სამი წამებულის მოედანსა და დაუსრულებელ კორსო დ’აუგუსტოზე ხეტიალი, აღარ ხიბლავდა ადრიატიკის სანაპირო და პროვინციული “გრანდ-ოტელი”, ანუ ის პეიზაჟები, რომელიც შემდგომ “ამარკორდში” ასახა.
1938 წელს მან დატოვა რიმინი და რომს მიაშურა. წასვლისას დედას აღუთქვა, რომ უნივერსიტეტში ჩააბარებდა იურიდიულ ფაკულტეტზე. “ასეც მოხდა, – ამბობს ფელინი მაგრამ ლექციებზე არ მივლია, მე ხომ ამის აღთქმა არ მიმიცია. თანაც, ვმუშაობდი გაზეთში”✖

Legends Never Die

ახალგაზრდობაში ფულთან ცუდად იყო საქმე, თუმცა უფრო ცუდად იყო საქმე მუსოლინის არმიასთან დაკავშირებით, ასაკით რომ უკვე უწევდა და რაც პრინციპულად არ უნდოდა. ამიტომ ავადმყოფობა მოიგონა, ექიმები მოისყიდა და, რომ იტყვიან, ჯარიდან თავი დაიძვრინა.✖

ფედერიკო ფელინი 1937 წლიდან მუშაობდა ჯერ ფლორენციაში, შემდეგ კი რომში ჟურნალისტად. ფელინი კინოში რობერტო როსელინიმ მოიყვანა. თავისი შემოქმედებითი მოღვაწეობა ფელინიმ დაიწყო, როგორც კარიკატურისტმა და სწორედ ერთ-ერთი მორიგი შარჟის ხატვისას ის როსელინიმ შეამჩნია. კარიკატურა შეუქო და ახალგაზრდა მხატვარს სცენარისტობა შესთავაზა. ასე შედგა ფელინის დებიუტი ფილმში “რომი ღია ქალაქია” დაახლოებით 20 წლის შემდეგ ფელინი გამოუტყდა ჟურნალისტებს, რომ რომ არა როსელინი, იგი შესაძლოა ცირკის დირექტორი გამხდარიყო და არა კინორეჟისორი. როსელინისთან მისი ურთიერთობა გაგრძელდა რამოდენიმე არაჩვეულებრივ ფილმში – Paisa (1946), Europa ’51…✖


✖1953 წელს ფელინმა გადაიღო ფილმი The Young and the Passionate, რომელიც “ვერცხლის ლომის” ლაურეატი გახდა ვენეციის საერთაშორისო კინოფესტივალზე და ასევე ოსკარის ნომინაცია დაიმსახურა. ფილმის ცენტრში ჩვეულებრივი ადამიანების ცხოვრებაა, თავისი ბანალური შემთხვევებით და ყოველდღიური ყოფით ომისშემდგომი იტალიის ცხოვრებაში.✖


Legends Never Die

✖კინომცოდნეებსა და კრიტიკოსებს დავუტოვოთ იმაზე მსჯელობა, როგორ იყო გაკეთებული და გადაღებული “გზა”, რა ფილოსოფიური აზრი იყო მასში ჩადებული. ჩვენ ყველანი ვხედავდით და ვგრძნობდით ოსტატის ნახელავს, ყველას გვიყალიბდებოდა საკუთარი აზრი, მაშინ, როცა თავად რეჟისორს არ უყვარდა თავის ფილმებზე საუბარი.✖

- ღმერთმანი, სურვილი არ მაქვს – მომხიბლავი ბავშვური ღიმილით გამოუტყდა ერთ კირკიტა ჟურნალისტს.

- აბა, რისი სურვილი გაქვთ? – ჩაეკითხა რეპორტიორი.

- თუ სიმართლე გინდათ… თქვენ ხომ სიმართლე გინდათ გაიგოთ? ჰოდა, გეტყვით, ყველაზე ძალიან მინდა მაკარონი… ცოლის მოხარშული მაკარონი. მხოლოდ ჯულიეტამ იცის მისი ასე გემრიელად მომზადება. მიირთმევ მთელ თეფშს და ძილს მიეცემი.


ამ პასუხში კარგად ჩანს მთელი ფელინი – ეშმაკიც და გულგახსნილიც.

Legends Never Die

1957 წელს რეჟისორმა გადაიღო ფილმი “კაბირიას ღამეები” (Nights of Cabiria), რომელიც აგრძელებდა “გზის” თემატიკას. არაჩვეულებრივად მძაფრია ფილმის სიუჟეტი, იდეა. ფილმში საზოგადოება განიხილება მეძავი ქალის თვალებით, რომელიც ოცნებობს დაიწყოს ახალი, ღირსეული ცხოვრება. დრამა დრამას ცვლის და აღწევს აპოგეას ფილმის ფინალში – ცნობილ გამოსამშვიდობებელ კაბირიას ღიმილში…✖


1960 წელს, საფრანგეთში, კანის საერთაშორისო კინოგესტივალზე, ფელინის ფილმმა “ტკბილი ცხოვრება” უმაღლესი ჯილდო დაიმსახურა.✖

“ოქროს პალმის ტოტის” მისაღებად სცენაზე გამოსულ რეჟისორს დარბაზში მყოფი მილიონერთა საზოგადოება ფეხის ბაკუნით, უშვერი სიტყვების ყვირილით, სტვენით შეხვდა. ფელინიმ ზურგი შეაქცია მათ, ჟიურის თავმჯდომარეს თავისთვის გამნკუთვნილი ჯილდო გამოართვა და სცენა აღრიალებული პარტერისგან კვლავ ზურგშექცევით გაიარა.✖

Legends Never Die

✖ურთიერთობაში ფელინი ძალიან უბრალოა, სიტყვაძუნწი - საყვარელი, ძალიან სათუთი ადამიანი. და ძალზე მომხიბვლელი, არა ამ განსაზღვრების სამსახიობო, არამედ ადამიანური მნიშვნელობით. ამასთან მან იცის საკუთარი თავის ფასი და მით უფრო დასაფასებელია მისი სურვილი, მეგობრებს დახმარება შესთავაზოს. მას მთელი იტალიიდან აკითხავენ სხვადასხვანაირი ადამიანები, ნაირნაირი სათხოვარით. მაგალითად, ერთხელ ფელინისთან მივიდა კაცი თხოვნით, დახმარებოდა მის დაპატიმრებულ ვაჟს. ფელინმა შესაბამის ინსტანციებს მიმართა და კომპეტენტურ ხალხს ესაუბრა. ასეთი სათხოვარი ბევრია...

მისი ადამიანური სინაზე და სულიერი სიფაქიზე "კლოუნებშიც" ჩანს, "რომშიც", და "ამარკორდშიც", სადაც იგი სუსტი, პატარა ადამიანების დამცველი ხდება. უფრო სწორად, ეს ადამიანები არიან ფელინის მიერ შექმნილი ცოცხალი სამყაროს ცენტრში.✖

იტალიაში ფელინის იცნობენ. ქუჩაში ესალმებიან. ვფიქრობ, თავის ქვეყანაში იგი ყველაზე ცნობილი რეჟისორია. ხალხი მას მოსვენებას არ აძლევს, და ხშირად იძულებულია ტელეფონზე ქალის ხმით, მოახლის სახელით ილაპარაკოს. ამასთან თავადვე იტაცებს გარდასახვა და ზოგჯერ ტელეფონზე ხანგრძლივად, ოსტატურად საუბრობს სხვისი სახელით.✖

Legends Never Die

ილანში ფილმის პრემიერის შემდეგ, საკმაოდ რესპექტაბელურმა ბურჯუებმა ფელინის სახეში შეაფურთხეს და ცემასაც კი უპირებდნენ. რომში ერთ-ერთმა წარჩინებულმა პირმა ფედერიკო დუელში გამოიწვია იმ მიზეზით, რომ ფელინიმ “ტალახში ამოსვარა იტალიის საუკეთესო საზოგადოება და აქედან გამომდინარე წაბილწა თავისი სამშობლოც”. ტკბილი ცხოვრების” ჩვენების დროს ფეშენებელურმა ქალბატონებმა დემონსტრატიულად დატოვეს კინოდარბაზი და გაჰკიოდნენ, რომ ფელინი “ბოლშევიკია”.

“ჩემი მიზანი არ იყო იტალიაში სამოქალაქო ომის წამოწყება-იხუმრა ამ ყველაფრის შემდეგ რეჟისორმა – მაგრამ უდიდეს სიამოვნებას განვიცდი, რადგან ფილმი მიზანში მოვახვედრე”.

“მე ალბათ ტომარაში ჩამტენიან და წყალში მისვრიან” უთხრა მან ერთხელ რეპორტიორს.


Legends Never Die

ერთხელ პაზოლინიმ ჰკითხა:
- როგორია ეს ნამდვილი არისტოკრატიული ღრეობა, ორგია?
ფელინიმ უპასუხა:
- მე საიდან უნდა ვიცოდე?!
- კი, მაგრამ, ფილმებში ისე დეტალურად იღებ ხოლმე და ახლა მეუბნები, რომ წარმოდგენა არ გაქვს?
- მე რეჟისორი ვარ, რომ შევქმნა და არა კონსტატირება მოვახდინო რაიმესი.


Legends Never Die

ბერგმანი წერს ”ვფიქრობ, ყველა რეჟისორებიდან, რომელიც ოდესმე შემხვედრია, ჩემს შემოქმედებასთან ყველაზე ახლოს სწორედ ფელინი იმყოფება. ჩვენ ერთმანეთს შევხვდით და ფედერიკომ ჩემზე დაუვიწყარი შთაბეჭდილება დატოვა…” თავის წიგნში ბერგმანი არ აღნიშნავს იმას, რომ მას და ფელინის პროდიუსერებმა დაუკვეთეს ერთობლივი ფილმი – ”იესო”, რომელიც შემდგომ იმავე პროდიუსერების გადაწყვეტილებით ფრანკო ძეფირელიმ გადაიღო…

ფელინის არაერთგზის უთქვამს, რომ კაცი თავისი ბუნებით პოლიგამიური არსებაა. მას სურს ბევრი ქალი ჰყავდეს, ხოლო ცდუნებასთან ბრძოლის ყველაზე იოლი ხერხი ცდუნებაა. როგორც ბიბლიაშია: “სცოდე, მოინანიე და მოგეტევება”.

✖თავის დროზე ფილმმა “ქალების ქალაქი” დიდი ხმაური და მითქმა-მოთქმა გამოიწვია. რეჟისორს საყვედურობდნენ, რატომ მოკიდე ხელი ასეთ თემასო, რაზეც ფელინი პასუხობდა: “მე მგონია, რომ ფილმებს ვიღებდი მხოლოდ ქალებზე. მე მხოლოდ მათთან ვგრძნობ თავს კარგად. ქალი – მითია, საიდუმლო, განუმეორებლობა, მომხიბვლელობა. ქალი – ყველაფერია. ფილმიც, თავისი შუქჩრდილების მონაცვლეობით, თავისი სახეებით, ხან რომ ჩნდებიან და ხანაც ქრებიან – აგრეთვე, ქალია. კინოში ისე ხართ, როგორც დედის მუცელში…”✖

Legends Never Die

✖არის ერთი ფილმი, უფრო სწორად იდეა, რომელთან ერთადაც უკვე 15 წელია ვცხოვრობ. ის კი არ მენდობა, არ მიმხელს თავის ზრახვებს... ყოველ ჯერზე, როდესაც სამუშაოს ვამთავრებ, ის თავს მახსენებს, თითქოს უნდა მითხრას, რომ ახლა მისი ჯერი დადგა... რაღაც დროის მანძილზე ის ჩემთან არის, არ მცილდება. მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს ვიხედები და მას ვეღარ ვხედავ. მაგრამ ყოველთვის, როდესაც უჩინარდება, ერთადერთი რა გრძნობაც მეუფლება - სიხარულია. ის ზედმეტად სერიოზული და მძიმეა... ჩვენს შორის ჯერჯერობით არ არის ახლონათესაური კავშირი. ხანდახან იმასაც ვფიქრობ, რომ ეს ფილმი არ არის, ეს რაღაც სხვაა და რა, ზუსტად არ ვიცი, ეს ის არის რისი გააზრებაც მე არ შემიძლია... და როდესაც ამაზე ვფიქრობ, სიმართლე გითხრათ თავს არც ისე კარგად ვგრძნობ." - წერს ფელინი✖

✖ფედერიკო ფელინიმ ბევრად მეტი ფილმი "მოიფიქრა" ვიდრე გადაიღო... ამის დამამტკიცებელ საბუთებს მის მემუარებში ვკთხულობთ... ფელინი გვიყვება როგორ არ გამოსდიოდა ჩანაფიქრის განხორციელება, როგორ არ უფინანსებდნენ ფილმებს, როგორ ექმნებოდა ჯანმრთელობის პრობლემები... იყო უამრავი წინაღობა, რის გამოც გადაღებების სხვა დროს დანიშვნა უწევდა, ეს "სხვა დრო" კი აღარასდროს დგებოდა. ფელინის მეტი თუ არა იმდენივე "გადაუღებული ფილმი" აქვს, რამდენიც გადაღებული... და იქნებ სწორედ იმ ფილმებში, რომლებიც მან ვერ(არ) გადაიღო, დარჩა ის, რაც ფარდას ახდიდა მისი ყველასათვის საყვარელი და ზოგჯერ რთულად გასაგები ფილმების საიდუმლოს...✖


Legends Never Die

ერთხელ, ძალიან ადრე სიზმარი ვნახე, რომელსაც შესაძლოა რაღაც კავშირი აქვს ამ ფილმთან, უფრო სწორად ჩემს მისდამი დამოკიდებულებასთან - ის ხან თავისკენ მიმიზიდავს, ხან ხელს მკრავს, ხან აღმაფრთოვანებს, ხან უიმედობით მავსებს.. ."✖

✖15 წლის შემდეგ დაწერილ წიგნში ფელინი კიდევ ერთხელ იხსენებს სიზმარს ჩინელზე და ბევრს საუბრობს "გადაუღებელ" ფილმებზე, ყველაზე დიდ ყურადღებას კი ისევ მთავარ "გადაუღებელ ფილმს" უთმობს. მაგრამ ამჯერად ის ფილმის სახელსაც და სიუჟეტსაც აცნობს მკითხველს.✖

ფილმი იმიტომ ვერ გადავიღე, რომ ავად გავხდი. შესაძლოა ავად საკუთარი თავისადმი მიცემული დავალების შიშმა გამხადა... შესაძლოა ვხვდებოდი, რომ მისთვის მზად არ ვიყავი... უკვე დეკორაციაც მზად იყო, ხალხი - დაქირავებული მყავდა, ფული -დახარჯული... მაგრამ გადაღების დაწყება მაინც ვერ შევძელი. მწვავე ნერვული აშლილობა დამეწყო, რადგან ვიცოდი უნდა გამეკეთებინა იმაზე ბევრად უფრო მეტი, ვიდრე აქამდე ვაკეთებდი" - ამბობს ფელინი.✖

საბოლოოდ, ფედერიკო ფელინიმ არ გადაიღო ფილმი მასტორნაზე, მაგრამ როგორც თვითონ ამბობს, ამ "გადაუღებელი" ფილმის ფრაგმენტები მაყურებელმა მაინც იხილა : "სანამ "მასტორნა" თავის რიგს ელოდებოდა, მე ის დავანაწევრე. საჭიროების შემთხვევაში მე მისგან ვიღებდი ხან ერთ ფრაგმენტს, ხან მეორეს... ასე რომ, "მასტორნას" ნაწილები თითქმის ყველა ჩემს ფილმში მაქვს გამოყენებული." - ამბობს რეჟისორი.✖

Legends Never Die
ამონარიდი მისი ერთ-ერთი ინტერვიუდან

რას ნიშნავს შენთვის, იყო ხელოვანი?

- ჩემთვის ხელოვანი ის არის, ვისი სულიც დემონს შეუპყრია და იგი ვალდებულია მის მოწოდებას უპასუხოს. ასე რომ იქცევა, ის პროექცირდება გაურკვეველი წარმოშობისა და აგებულების გალაქტიკაში, რომელთანაც განსაკუთრებულ, უხილავ, შეუცნობელ კავშირს ამყარებს. მისი მთავარი ამოცანა ისაა, რომ შეიცნოს ხმები, ფერები, ნიშნები, რომლებიც იმ ხმას პასუხობენ, რომლითაც ხელოვანი მოწოდებულია. გადაწყვეტილება ერთხელ თვითონ მოდის, და მაშინ არაფრის გაკეთება საჭირო არის, გარდა იმისა, რომ მედიუმივით შეასრულო, რაც ღვთისგან მოგესმა. როცა გაბრწყინების მდგომარეობას ვაღწევ, ფილმის გადაღებას უკვე მე აღარ ვხელმძღვანელობ, არამედ ფილმი აკეთებს ამას.


- შენი აზრით, კინო ხელოვნებაა?

- კიც და არაც. ეს ხელოვნებაა და ამავე დროს ცირკი, ბალაგანი, რაღაც "სულელების ხომალდზე" მოგზაურობა, თავგადასავალი, ილუზია, მირაჟია. ეს არის ხელოვნება, რომელსაც საერთო არაფერი აქვს ხელოვნების სხვა დარგებთან, განსაკუთრებით ლიტერატურასთან. ის აბსოლუტურად ავტონომიურია. უკიდურეს შემთხვევაში, შეიძლება ფერწერასთან ვიპოვოთ შეხების წერტილები, იმასთან, რაც სინათლეს ეხება. კინემატოგრაფში, ისევე როგორც ფერწერაში, ყველაფრის თავი განათებაა. კინოში განათება უფრო მნიშვნელოვანიც კი არის, ვიდრე სიუჟეტი, ისტორია, პერსონაჟები: რეჟისორი ხომ სწორედ განათების დახმარებით გამოხატავს იმას, რისი თქმაც უნდოდა. კრიტიკოსებმა, ალბათ იმ განზრახვით, რომ ჩემთვის ეწყენინებინათ, დაწერეს, რომ "ფერწერული" რეჟისორი ვარ. ძნელი იყო, ჩემთვის რაიმე უფრო სასიამოვნოს თქმა. და შემთხვევითი სულაც არ არის, რომ მსახიობებისადმი უფრო ღრმა სიმპათიას ვგრძნობ, ვიდრე მხატვრების მიმართ, - ეს მხოლოდ შურის გამო ხდება. მხატვარი ბედნიერი, მშვიდი, რომელსაც ხანგრძლივი სიცოცხლე წინასწარ უწერია, უფრო პრივილეგირებულ მდგომარეობაში იმყოფება, ვიდრე, მაგალითად, პოეტები. იგი უყვართ ქალებს და მეგობრებს, და თუ საგადასახადო ინსპექციაც უფრო მეტ პატივს სცემდა, საოცნებოც აღარაფერი ექნებოდა.


Legends Never Die

- კმაყოფილი ხარ საკუთარი თავით, შენ მიერ გადაღებული ფილმებით, ყველაფერ იმით, რისი გაკეთებაც აქამდე შეძელი?

- ჩვენ, ყველანი, არასწორი განათლების მსხვერპლნი ვართ, რომლის ამოცანაც არის მიზნიდან მიზნისკენ მოძრაობა, სწრაფვა დასახული ჰორიზონტებისკენ. 40 წლის შემდეგ ხვდები, რომ ეს ყველაფერი არ ეწყობა, რომ ცხოვრების 40 წელი არარსებულ ამოცანებს წყვეტდი. მიუხედავად ამისა, ვთვლი, რომ გამიმართლა. უდარდელი ცხოვრება მქონდა, ჩემი ახლობლები დელიკატურებიიყვნენ, ისინი არ მთრგუნავდნენ და საშუალებას მაძლევდნენ ჩემში შემოქმედებითი ყლოტები გამეზარდა. ეს შეიძლება იმას შევადაროთ, მათ სათამაშოებით სავსე ოთახში სამუდამოდ რომ დავეტოვებინე. განცდილი დაღლილობაც კი ნებას მაძლევს, იქ დიდხანს არ გავჩერდე, და ძველებურად შემიძლია სულიერ ეიფორიაში ვიყო. ფანტასტიკური ცხოვრება მქონდა, თუ გინდა, ეს იყო ხელოვანის ცხოვრება.

- 50 წელი ცხოვრები რაღაც ეტაპის დასასრულია, ხოლო რაღაცის დასაწყისი თქვენ როგორ გრძნობთ ტავს ?

- 50 წელი ცხოვრების სხვა აღმართია. ეს ფსიქოლოგიური ასაკია: შენი სხეული დაღლილია, სათვალე უნდა გაიკეთო, მუხლებში სისუსტეს გრძნობ და მამაკაცური ღონე გელევა. ისეთი შეგრძნება ჩნდება, რომ შენი ფიზიკური გარსი უვარგისი ხდება, იძულებული ხარ, ძალები უფრო გონივრულად გამოიყენო, აღტყინებას სიფრთხილით დამორჩილდე, და სურვილი აღარ გაქვს, ბევრ ხალხთან გქონდეს ურთიერთობა. ზოგჯერ თავს გადატვირთულად ვგრძნობ, როგორც ძალიან ბევრი ხალხით გავსებული ნავი. ყოველთვის განსაკუთრებული მეხსიერება მქონდა, ზეპირად მახსოვდა ასობით ტელეფონის ნომერი, ახლა კი, ხდება, ყურმილს ვიღებ და აღმოვაჩენ, რომ მხოლოდ ტელეფონის ნომერი კი არ დამავიწყდა, არამედ იმ ადამიანის სახელიც, რომელთან დარეკვაც მინდოდა. ზოგჯერ მგონია, რომ ჯერ არაფერი მისწავლია. ძველებურად მახასიათებს ჭაბუკური ცნობისმოყვარეობა, ეს სულწრაფი მოლოდინი დღის, საღამოს, ღამის მეორე ნახევრისა: ხომ უცნობია, კიდევ რა შეიძლება მოხდეს...…მაგრამ 50 50-ია, და ვეღარაფერს იზამ. როცა 40 წლის ვიყავი, ზოგჯერ მეჩვენებოდა, რომ მხოლოდ 31-ის ვარ, ხანდახან - 19-ისაც კი, ხან როგორ, ხან როგორ.

Legends Never Die

საყვარელი მწერლები

- მე მიყვარს მწერლები, რომლებსიც განუსჯელად, უსიტყვოდ, მთლიანად ახერხებენ საკუთარი თავის გამოხატვას. ჩემი ყველაზე დიდი სიყვარული, ჩემი ძმები, თანამგზავრები მატარებლებში, ისინი, ვისაც გამუდმებით ვუბრუნდები, - არიან კარლო ემილიო გადა და ტომაზო ლანდოლფი, მათ მოჰყვებიან მორავია, მარიო ტობინო, იტალო კალვინო, ენიო ფლაიანო, გოფრედო პარიზე. გადა ნამდვილი ბუმბერაზია, აღმაფრთოვანებელი ავტორი, წარმოუდგენლად გადარეული, დაუშრეტელი კლოუნი, დიდი აკრობატი, რომელიც, როგორც "ეროსსა და პრიაპიში" ქმნის ფურცლებს, რომლებიც ტაშის ღირსია.

საყვარელი მხატვრები

- მხატვრებთან უფრო მერყევი დამოკიდებულება მაქვს. გატაცებების, გამცემლობის, განდგომისკენ ვარ მიდრეკილი. მაგრამ, ამის მიუხედავად, რამდენიმე იტალიელი მხატვრის ერთგული ვრჩები, სციპიონიდან მაფემდე, როზადან კამპილიმდე, კარა დე სირონიდან დე კირიკომდე. წარმოუდგენელია დაიჯერო, რომ თანამედროვე იტალიურმა ფერწერამ სწორედ ფაშისტური რეჟიმის დროს მიაღწია თავის ჭეშმარიტ სიმაღლეებს. სირონი უდიდესი მხატვარია, რომლის ჭეშმარიტი დიდებულება ჯერ სათანადოდ შეფასებული არ არის. რადგანაც კინოს ვქმნი, ჩემთვის დე კირიკოს მეტაფიზიკური ფერწერა მომხიბლავია. მან გადაგვიშალა იტალია თავისი მოედნებით, ქუჩებით, პორტიკებით, ზღვის პეიზაჟებით. ეს ერთრდოულად უტყუარი და პოეტური იტალიაა. მაგრამ მხატვარი, რომელიც განსაკუთრებით მხიბლავს, იმდენად, რომ რამდენჯერმე სიზმარშიც კი ვნახე, - პიკასოა. ჩემთვის პიკასო სიმბოლოა, პირველსახე შემოქმედის და დემიურგისა. იგი ოთხჯერ დამესიზმრა, და ყოველთვის კრიზისის დროს.
როცა პიკასოს ნახატს ვხედავ, მაშინვე ერთგვარ თანაზიარობას ვგრძნობ, მთლიანად შეპყრობილი, აღელვებული ვარ იმ დიდებულებით, ძალით, ბედნიერებით, სულიერებით, ცხოვრებით, რასაც ჩემ თვალწინ ვხედავ. პიკასო სრულიად დამოუკიდებელი მხატვარია. მაგრამ რაც უნდა პარადოქსული იყოს, მაინც ვფიქრობ, რომ სრული დამოუკიდებლობა მხატვრისთვის საშიშია იმიტომ, მას შეუძლია ეს დამოუკიდებლობა გამოიყენოს არა შექმნისთვის, არამედ სხვა რაიმესთვის, ტალანტი გაბნიოს. ჩემი აზრით, ჩვენთვის აუცილებელი არიან დესპოტები. მე მზად ვარ, კეთილგანწყობით მოვეკიდო რომელიღაც სახელმწიფო ხელისუფლებას, რომელიც მიბრძანებდა განუწყვეტლივ გადამეღო ფილმები. პაპები, რომელთაც ბრწყინვალედ ესმოდათ შემოქმედი ადამიანების ინფანტილური ფსიქოლოგია, ყველა საუკუნეში ხელოვანებს თავისკენ უხმობდნენ და უბრძანებდნენ ეხატათ.


Legends Never Die

სიკვდილამდე ერთი წლით ადრე ფელინიმ მესამე “ოსკარი” მიიღო – მსოფლიო კინემატოგრაფში შეტანილი წვლილისათვის. სანუკვარი სტატუეტის მიღების საზეიმო ცერემონიალი რეჟისორმა დაარღვია: “ჯულიეტა, ძალიან გთხოვ, შეწყვიტე ტირილი”, – ჩასძახა მან მიკროფონში. მაზინას ცრემლები – ეს იყო ერთდროულად ბედნიერი და უბედური, ერთგული და მოტყუებული ქალის რეაქცია. ფელინიც ვერ გრძნობდა დღესასწაულს. ბოლო ნამუშევარმა “მთვარის ხმამ” ვერც ფული მოუტანა და ვერც სახელი. ვერ განხორციელდა “ილიადას”, “მასტორნის მოგზაურობის” და სხვა ჩაფიქრებული სურათების გადაღება. ის მუდამ განიცდიდა სულიერ დისკომფორტსა და განწყობილებათა მონაცვლეობას – საკუთარ გენიალობაში დარწმუნებასა და გულისამრევი არარაობის შეგრძნებას შორის – შემოქმედის მარადიული საწუხარი! ამას დავუმატოთ სამი ქალი – ჯულიეტა, ანა და როზიტა, რომელთა შორისაც მუდმივი მანევრირება უხდებოდა, აგრეთვე, გავრცელებული ხმები არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის შესახებ… ყოველივე ამან მისი ჯანმრთელობა საგრძნობლად შეარყია.

ფედერიკო ფელინი სიკვდილამდე თავის "ფელინისტური"კინემატოგრაფის ერთგულად დარჩა: "ჩვენი ფანტაზია - აი ეს არის ნამდვილი ცხოვრება"- ამბობდა ის.

ფელინი იხსენებს, რომ რომაელი ტაქსის მძღოლები ხშირად ეკითხებიან: "ფეფე, რატომ იღებ ასეთ რთულად გასაგებ ფილმებს?"

"ფეფეს ჩემი ყველაზე ახლობელი ადამიანები მეძახიან, მაგრამ ამის შესახებ ხშირად წერენ გაზეთები და ტაქსის მძღოლებს მოსწონთ, როდესაც ასე მომმართავენ. მე მათ ვპასუხობ, რომ ყოველთვის ვამბობ სიმართლეს, სიმართლე კი არასდროს არის გასაგები, ის რისი გაგებაც ყველას შეუძლია - ტყუილია..."

1993 წლის 3 აგვისტოს ფელინის ინსულტი დაემართა. რეანიმატორები დიდხანს იბრძოდნენ მისი სიცოცხლის გადასარჩენად, მაგრამ ამაოდ: 31 ოქტომბერს ფედერიკო ფელინი გონზე მოუსვლელად გარდაიცვალა. მთელი ცხოვრება რომ სიზმარში გაატარა, ახლა სამუდამო ძილს მისცა თავი.

Legends Never Die

“შუქი – ფუნჯია. მე ყველა დეტალს ვუკირკიტებ და დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ, მაგრამ მთავარი მაინც განათებაა. ოთხი პროჟექტორით შეგიძლია შექმნა ყველაფერი, გარკვეული აზრი, გრძნობა. შუქით შეგიძლია გამოსახო: ჭექა-ქუხილი, ღამე, რიჟრაჟი, ბინდბუნდი. შუქი – სახეა, სახე – კინო”.

კინო მოხუცი მეძავივითაა, მან იცის მრავალფეროვნების ფასი და სხვადასხვაგვარ სიამოვნებას განიჭებს

“მე ვმუშაობ კინოში იმიტომ, რომ ეს მთელი ცხოვრებაა” – წერდა რეჟისორი.

Legends Never Die

“იყო რეჟისორი, ნიშნავს შეგეძლოს მაგიდის გადაადგილება ისე, რომ სინათლის სხივი დაეცეს ზუსტად ისე, როგორც ფილმს სჭირდება. კინოში უნდა იცოდე ყველაფერი, რაც სახის შექმნას სჭირდება”.

მე რომ გადამეღო ფილმი თავზე წასაკრავ ლანჩის ზონარზე, ისიც კი ჩემზე იქნებოდა.

ისაუბრო სიზმრებზე, ეს ნიშნავს, ისაუბრო ფილმებზე, რადგანაც ფილმები სიზმრების ენაზე მეტყველებენ; წუთში შეიძლება განვლო წლები და გადახტე ერთი ადგილიდან მეორეზე. ეს არის გამოსახულებების ენა. ნამდვილ ფილმში ყოველი საგანი და ყოველი სინათლე ნიშნავს რაიმეს, ისევე, როგორც სიზმარში.

Legends Never Die

ოველგვარი ხელოვნება ავტობიოგრაფიულია; მაგალითად, ხამანწკას ავტობიოგრაფია მარგალიტია.

შენ არსებობ მხოლოდ მასში, რასაც ქმნი.

ყველამ იცის, რომ დრო- ეს სიკვდილია. სიკვდილი, რომელიც იმალება საათებში.

არ არსებობს დასაწყისი... არც დასასრული... არსებობს მხოლოდ უსასრულო ვნება სიცოცხლისა.

ტკივილი ცოდნაა და ყოველგვარი ცოდნა- ტკივილ

კატეგორია: ვარსკვლავები
Tags:

12


  • Countess A. თქვა:
    19 მარტი 2013 22:22 - ID: 12,
    [/i] [/color] ნამდვილი ხელოვანი.!! გენია, რომელმაც შექმნა ეპოქა..!! დიდებული ნიუსია ავტორო.!![i][color=#000066]

  • bruno mars თქვა:
    19 მარტი 2013 21:26 - ID: 11,
    ძალიან მაგარიაა ყოჩაღ!!!!!!!!!!!!!

  • FAME თქვა:
    19 მარტი 2013 20:44 - ID: 10,
    ძალიან მაგარი სტატიაა!
    ყოჩაღ!

  • keetaa თქვა:
    19 მარტი 2013 19:11 - ID: 9,
    anikoaniko,
    მივხვდი მაგრამ რა შუაში იყო. პირიქით რო მიყვარს იმიტომ მინდა რო ჰქონდეს ნანახი. იმიტო ავღნიშნე რო მწყინს რო არ იცის ფელინის კინოები ამხელა გოგომ :D და არც აინტერესებს

  • anikoaniko თქვა:
    19 მარტი 2013 19:06 - ID: 8,
    keetaa,
    ვერ მიხვდი ქეთა? შენს დაქალზე რომ დაწერე.. wink

  • keetaa თქვა:
    19 მარტი 2013 19:03 - ID: 7,
    anikoaniko,
    რა?

  • anikoaniko თქვა:
    19 მარტი 2013 18:56 - ID: 6,
    keetaa,
    როგორ გიყვარს შენი დაქალი am

  • keetaa თქვა:
    19 მარტი 2013 17:30 - ID: 5,
    ძალიან მაგარი გოგო ხარ სიტყვები არ მყოფნის. მაგალითად ჩემ 21 წლის დაქალს რო კითხო ვინ არის ფელინიო არ ეცოდინება. შენ კიდე ძალიან მიხარია რომ კინოებს უყურებ და ყველაფერი იცი მის შესახებ. ძაან მაგარი ნიუსია არაჩვეულებრივი !!!

  • Ancho. თქვა:
    19 მარტი 2013 16:35 - ID: 4,
    საოცარი სტატიაა!
    ფელინი გენია..

  • Afrodite...♥ თქვა:
    19 მარტი 2013 15:15 - ID: 3,
    თაკ არ ვიცი რა გითხრა არაჩვულებრივი და ძალიან საინტერესო სიახლეა, მუხედავად იმისა რომ ამ რეჟისორის შესახებ ნაკლებ ინფორმაციასვფლობდი, მთლიანად ჩავიკითხე სტატია love love

  • ANGEL თქვა:
    19 მარტი 2013 13:52 - ID: 2,
    love რა მაგარი პუბლიკაციაა!

  • Johnny depp თქვა:
    19 მარტი 2013 12:42 - ID: 1,
    ფელინი! იყო და იქნებ ლეგენდა.

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top